საქართველომ, სომხეთმა, ირანმა და რუსეთმა ენერგეტიკული კორიდორის „ჩრდილოეთი სამხრეთი“ საგზაო რუკას მოაწერეს ხელი

სომხეთის დედაქალაქ ერევანში საქართველომ, რუსეთმა, ირანმა და სომხეთმა ენერგეტიკის მინისტრებმა ენერგეტიკული კორიდორის „ჩრდილოეთი-სამხრეთი“ ე.წ. „საგზაო რუკას“ მოაწერეს ხელი.

ამის შესახებ სომხეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა არეგ გალსტიანმა განაცხადა.

„საგზაო რუკა განსაზღვრავს იმ ქმედებებსა და პროგრამებს, რომელიც რეალიზებული უნდა იყოს 2019 წლის ბოლომდე, როდესაც ენერგეტიკული კორიდორი „ჩრდილოეთი-სამხრეთი“ ფიზიკურად ჩაეშვება. „საგზო რუკაში“ ასევე გათვალისწინებულია სამართლებრივი შეთანხმებები, სამუშაოს შესრულების გრაფიკი და თარიღი“, - განაცხადა სომხეთის ენერგეტიკის მინისტრმა.

გალსტიანის თქმით, კორიდორის ჩაშვება ოთხი ქვეყნის ენერგოსისტემის პარალელურ მუშაობას უზრუნველყოფს და დამატებითი მოტივაცია გახდება კერძო ბიზნესისთვის.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეთანხმებას ხელი “ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ 2015 წლის დეკემბერში ხელმოწერილი მემორანდუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მოეწერა.

მემორანდუმი ოთხ ქვეყანას შორის ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით გაფორმდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ირანის ისლამური რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრი ჰამიდ ჩიტჩიანი, სომხეთის ენერგეტიკის მინისტრი ლენოვ ეოლიანი, რუსეთის ფედერაციის ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ნოვაკი და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს მემორანდუმით გათვალისწინებულ საკითხებზე კერძოდ, საკოორდინაციო საბჭოს შექმნასა და რეგიონალურ სადისპეჩერო ცენტრის შექმნაზე, ოთხი ქვეყნის ელექტროსისტემის მუშაობის ეფექტურობის გაზრდაზე, კრიზისული და საგანგებო სიტუაციების დროს სწრაფი რეაგირების მექანიზმებზე, ელექტროენერგიის ტრანზიტისა და ვაჭრობის განვითარებაზე და სამხრეთ კავკასიაში ელექტროენერგიის სფეროში რეგიონალური თანამშრომლობის სათანადო სასისტემო და სისტემათაშორისი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე