მტკვარზე ახალი ჰიდროელექტროსადგური "ძეგვი ჰესი" აშენდება

საქართველოს მთავრობამ მოიწონა ენერგეტიკის სამინისტროსა და კომპანია შპს „ჯეო ფაუერს“ შორის დასადები ურთიერთგაგების მემორანდუმი. 

მემორანდუმი  მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, სოფელ ძეგვში, მდინარე მტკვარზე „ძეგვიჰესის“ მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური საკითხების შესწავლას, მშენებლობას, ფლობასა და ოპერირებას ითვალისწინებს.

ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, „ძეგვი ჰესის“ სავარაუდო დადგმული სიმძლავრე 15,7 მგვტ, ხოლო სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 24 მლნ აშშ დოლარია.

მემორანდუმის პროექტის თანახმად, კომპანიას მიენიჭება ექსკლუზიური უფლება 12 თვის განმავლობაში მტკვარზე განახორციელოს სრულყოფილი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, მოამზადოს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში, ჩაატაროს საჯარო განხილვები და ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ წინადადება წარუდგინოს საქართველოს მთავრობას.

კომპანია კისრულობს ვალდებულებას, მშენებლობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვის ვადაში აიღოს მშენებლობის ნებართვა, ხოლო 30 თვის ვადაში ექსპლუატაციაში მიიღოს ჰიდროელექტროსადგური.

ჰიდროელექტროსადგურის ექსპლუატაციაში მიღებიდან 15 წლის განმავლობაში, სექტემბრიდან აპრილის ჩათვლით ელექტროსადგურის სრული ფაქტობრივი გამომუშავების რეალიზაცია განხორციელდება მხოლოდ საქართველოს ადგილობრივ ბაზარზე, ხოლო დანარჩენ თვეებში, კომპანიას შეუძლია საკუთარი შეხედულებისამებრ, მოახდინოს ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ექსპორტი.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე