თხილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი დამტკიცდა

რეგლამენტის შესაბამისად, მკაცრად გაკონტროლდება თხილის ხარისხი, რაც გულისხმობს ლაბორატორიულ შემოწმებას, ასევე შენახვის, შეფუთვის, ტრანსპორტირების წესების დაცვის კონტროლს.

მთავრობის სხდომაზე თხილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი დამტკიცდა, რომელიც თხილის ექსპორტის, იმპორტის, ხარისხის და ეტიკეტირების საკითხებს დაარეგულირებს.

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას განცხადებით, საერთაშორისო ბაზრებზე ქართულ თხილზე მოთხოვნა მზარდია.

„ქართული თხილის დიდი საექსპორტო პოტენციალის გათვალისწინებით, ჩვენ ამ პროდუქტის წარმოების პერსპექტივა გვაქვს. 2014-15 წლებში, ევროკავშირში ქართული თხილის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა 184 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი აგროსასურსათო პროდუქციის საექსპორტო მაჩვენებლის თითქმის 30% -ია. თხილის წარმოება აგრარული სექტორის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება გახდა. სწორედ ამიტომ შემუშავდა თხილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი და სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მეთხილეობის დარგის განვითარების ხელშეწყობას გულისხმობს”, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, თხილის რეგლამენტი აბსოლუტურ შესაბამისობაშია საერთაშორისო მარკეტინგულ სტანდარტებთან. რეგლამენტის შესაბამისად, მკაცრად გაკონტროლდება თხილის ხარისხი, რაც გულისხმობს ლაბორატორიულ შემოწმებას, ასევე შენახვის, შეფუთვის, ტრანსპორტირების წესების დაცვის კონტროლს. თხილის შემოწმება-ინსპექტირებას სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს.

თხილის რეგლამენტი ხელს შეუწყობს საქართველოში მეთხილეობის დარგის განვითარებას, საერთაშორისო ბაზრებზე მაღალი ხარისხის თხილის რეალიზაციას და ქართული წარმოების პროდუქციის მაღალი სტანდარტის შესაბამისობის იმიჯის დაცვას.