უკრაინის რადას თავმჯდომარე რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესების მომხრეა

უმაღლესი რადას თავმჯდომარე ანდრეი პარუბი რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესების მომხრეა. როგორც უკრაინული მედია იტყობინება, ამის შესახებ მან ერთ-ერთ უკრაინულ არხზე გამოსვლის დროს განაცხადა.

„მე, როგორც ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, გამოვდიოდი რუსეთის ფედერაციასთან სავიზო რეჟიმის შემოღების ინიციატივით. ჩემი პოზიცია არ შეცვლილა. მიმაჩნია, რომ ჩვენ ეს გზა უნდა გავიაროთ“, - განაცხადა რადას სპიკერმა.

რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის საკითხზე საუბრისას, ანდრეი პარუბიმ განაცხადა, რომ ამ საკითხის განხილვა შესაძლებელია სპეციალისტებთან კონსულტაციების შემდეგ.

15 მარტს უმაღლესმა რადამ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ კანონპროექტი დაარეგისტრირა. ამ ინიციატივის წინააღმდეგ უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო გამოვიდა.