მამუკა ბახტაძე - ამ ზაფხულს გვექნება სიურპრიზი, რითაც დადასტურდება, რომ რკინიგზა არის ქვეყნის ეკონომიკის სამსახურში

ბონდებზე ჩვენი შემოსავლები მიდის ქვემოთ და ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით , - ამის შესახებ ”საქართველოს რკინიგზის” ხელმძღვანელმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს მოლითში განუცხადა, სადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ, ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტის მიმდინარეობას გაეცნო.

ბახტაძის თქმით, დღეს მერვე გვირაბის გაყვანა დასრულდა, რაც რკინიგზის დაფინანსებით ხორციელდება.

მისივე თქმით, პროექტის მთავარი მიზანია, გაიზარდოს გამტარუნარიანობა ხაშური-ზესტაფონის მონაკვეთზე.

მამუკა ბახტაძის განმარტებით, აღნიშნული პროექტის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებისთვის.

„ჩვენ პროექტის დასრულების ვადად განსაზღვრული გვაქვს 2019 წელი. აღნიშნული პროექტის განხორციელების შემდეგ გამტარუნარიანობის ზრდის გარდა ჩვენ შევძლებთ, რომ მნიშვნელოვნად შევამციროთ დრო შავიზღვისპირეთის მიმართულებით და ეს დრო შემცირდება ერთი საათით“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კითხვაზე, თუ რა დანიშნულება მიეცემა იმ მონაკვეთებს, რომელთაც რკინიგზა უკვე აღარ გამოიყენებს, ბახტაძემ აღნიშნა, რომ ჯერ კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა შესაბამის უწყებებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები აღნიშნული აქტივების ათვისებასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება კითხვას იმის შესახებ, თუ როგორ შეძლებს რკინიგზა ევრობონდების გასტუმრებას, ბახტაძემ აღნიშნა, რომ „ჩვენი ბონდები უფრო მეტად მომგებიანია ინვესტორებისთვის“.

„რაც შეეხება ტვირთბრუნვის შემცირებას, როგორც ჩვენი შემოსულობების შემცირებამ არ გამოიწვია ფინანსური შესაძლებლობების შემცირება და პირიქით, ვვარაუდობთ, რომ 2016 წელს იქნება გარკვეული ტიპის შემცირება, მაგრამ 2014-2015 წელს მიღებულმა შემოსავლებმა მოგვცა იმის ფინანსური “ბალიში”, რომ ყველა პროექტი ვადებში მივიყვანოთ ბოლომდე. ამ ზაფხულს კიდევ ერთი სიურპრიზი გვექნება, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ რკინიგზა არის ქვეყნის ეკონომიკის სამსახურში“, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.