გარდაბანში მზის ენერგიის პოტენციალს 12 თვის განმავლობაში ამერიკული კომპანია შეისწავლის

გარდაბნის მუნიციპალიტეტში მზის ენერგიის პოტენციალს 12 თვის განმავლობაში ამერიკული კომპანია Headwall Power International შეისწავლის.

ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და კომპანია Headwall Power International-ის პრეზიდენტმა ბრედფორდ მეიკლმა გარდაბნის მუნიციპალიტეტში მზის ენერგიის პოტენციალის შესასწავლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

„საქართველოს მოსახლეობას წლების განმავლობაში ჰქონდა ენერგოპრობლემები, დამოუკიდებელი საქართველო არასდროს ყოფილა ენერგოდამოუკიდებელი და დროა, ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკაში მოხდეს რევოლუციური გარდატეხა. მზე, ქარი, წყალი - ეს არის ის რესურსები, რაც შეგვიძლია სრულად ავითვისოთ და მაღალგანვითარებული, უსაფრთხო და რაც მთავარია, დამოუკიდებელი ენერგომომავალი დავახვედროთ ჩვენს შთამომავლობას”, - განაცხადა კახა კალაძემ.

მემორანდუმის თანახმად, კომპანია Headwall Power International პარტნიორ „მზის ენერგიის კომპანიასთან“ ერთად გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ქალაქ გარდაბნისა და სოფელ კალინინოს ტერიტორიაზე მზის პოტნეციალს 12 თვის განმავლობაში შეისწავლის. კონკრტულად, შეისწავლის ელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკურ საკითხებს - შემდგომში მისი მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების მიზნით.

ინვესტორი 12 თვის განმავლობაში გარდაბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაატარებს ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას და საჯარო განხილვებს, მოამზადებს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს და ელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ შესაბამის წინადადებას წარუდგენს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს.

Headwall Power International ამერიკული კომპანიაა, რომელსაც აქვს მსოფლიოში დიდი გამოცდილება ალეტერნატიული ენერგიების მიმართულებით.