თელავის აეროპორტი "მიმინო" საქართველოს ტერიტორიაზე რეგულარულ ჩარტერულ რეისებს შეასრულებს

თელავის აეროპორტი ,,მიმონო” დღეს ოფიციალურად გაიხსნება. ღონისძიებაზე აეროპორტს ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე II-ის სახელი მიენიჭება.

როგორც საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ,,ბიზნესპრესნიუსს” განუცხადეს, ცერემონიას გახსნიან კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი, ირაკლი შიოლაშვილი და საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი სერგო ტეფნაძე.

,,ოფიციალურად გამოცხადდება ისიც, რომ დაინიშნება რეგულარული ჩარტერული რეისები Piper Seneca-ს ტიპის 6 ადგილიანი თვითმფრინავით საქართველოს ტერიტორიაზე და მოთხოვნის შემთხვევაში, საზღვარგარეთაც”, - აღნიშნა სოფო ჩადუნელმა.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება საჩვენებელი ფრენები საავიაციო უნივერსიტეტის მფლობელობაში არსებული Piper Seneca, Cessna 152 და A-22-ის ტიპის საჰაერო ხომალდების მეშვეობით.

თელავის აეროპორტი აღჭურვილია თანამედროვე სასწავლო მატერიალურ-ტექნიკური ბაზით და საჰაერო ხომალდებით. აშენდა თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურების საწარმო, სანავიგაციო კოშკურა, აეროვაგზლის შენობა მგზავრებისათვის და საერთო საცხოვრებელი პილოტ-ინსტრუქტორებისა და საინჟინრო-ტექნიკური პერსონალისთვის.

საფრენოსნო და საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტები პრაქტიკულ მომზადებას აეროპორტში გადიან. ამჟამად მიმდინარეობს მათთვის განკუთვნილი საერთო საცხოვრებლის რემონტი. ახლო მომავალში კი, დაგეგმილია პილოტთა და ავიასპეციალისტთა მომზადება შვეულმფრენზე.

აეროპორტიდან შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით საჰაერო გასეირნების (საჰაერო ტურების) ორგანიზება ტურისტებისთვის.

დღეისათვის თელავის აეროპორტში 40 ადამიანია დასაქმებული. მათ შორის 16 ადგილობრივი მაცხოვრებელია. დასაქმებულთა რიცხვი ახლო მომავალში კიდევ გაიზრდება.

ქრისტინე გამთენაძე