დიმიტრი ქუმსიშვილი - საპარტნიორო ფონდი და OPIC სტარტაპების ფონდის დაფინანსებაზე იმუშავებენ

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა OPIC-სა და საპარტნიორო ფონდთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ, აშშ-ში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის მთავრობის განვითარების საფინანსო ინსტიტუტს, უცხოეთის კერძო საინვესტიციო კორპორაციას (OPIC) და საპარტნიორო ფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. იგი ითვალისწინებს პროექტების დაფინანსების მიმართულებით საპარტნიორო ფონდისა და „უცხოეთის კერძო საინვესტიციო კორპორაციის“ თანამშრომლობას.

უწყების ინფორმაციით, მემორანდუმს ვაშინგტონში, OPIC-ის მთავარ ოფისში ხელი მოაწერეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ნათია თურნავამ და OPIC-ის ადმინისტრაციის უფროსმა კამერონ ალფორდმა.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, OPIC-თან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის 4-პუნქტიანი რეფორმების ფარგლებში, საპარტნიორო ფონდი და OPIC მუშაობენ სტარტაპების ფონდის დაფინანსებაზე. ეს იქნება ფონდი, სადაც, როგორც OPIC გააკეთებს კონტრიბუციას, ასევე - საპარტნირო ფონდი და შესაბამისად, ეს იქნება ჩვენი რეფორმების კიდევ ერთი მხარდაჭერა”, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

ვიცე-პრემიერის განცხადებით, ქართული მხარე და OPIC შეთანხმდნენ, რომ ერთობლივად გამოავლენენ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს, სადაც OPIC-იდან თანხების მოზიდვა უფრო მარტივად იქნება შესაძლებელი.

მემორანდუმის თანახმად, საპარტნიორო ფონდი და OPIC ერთობლივად შეისწავლიან სხვადასხვა კომერციულად საინტერესო პროექტებს და შესაბამისი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ერთობლივად დააფინანსებენ. დოკუმენტის მიხედვით, მხარეები ჩამოაყალიბებენ გრძელვადიანი თანამშრომლობის ზოგად პრინციპებს, რომლებიც ხელს შეუწყობს სხვადასხვა სფეროებში პროექტების ეფექტურ და სწრაფ განხორციელებას.

სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე ფონდი და აშშ-ის მთავრობის „უცხოეთის კერძო საინვესტიციო კორპორაცია“ (OPIC) აქტიურად თანამშრომლობენ რამდენიმე პროექტის ფარგლებში, მათ შორისაა, სასტუმრო “რედისონ წინანდლის” პროექტი, მცირე და საშუალო საწარმოების ფონდში Gazelle Finance-ში თანამონაწილეობა, ჯანდაცვის სექტორში რიგი ერთობლივი პროექტის განხორციელება და სხვა პროექტები.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, OPIC - ”უცხოეთის კერძო საინვესტიციო კორპორაცია“ აშშ–ის მთავრობის ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც საერთაშორისო განვითარებაზე მუშაობს. კორპორაცია თავს უყრის კერძო კაპიტალს და მას მსოფლიოს განვითარებისათვის უაღრესად მნიშვნელოვანი გამოწვევებისაკენ მიმართავს. რადგან OPIC-ი შეერთებული შტატების კერძო სექტორთან მუშაობს, იგი ეხმარება ამერიკულ ბიზნესს, გაფართოვდეს განვითარებად ბაზრებზე, რითიც ხელს უწყობს შემოსავლების ზრდას, სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკურ აღმავლობას შეერთებულ შტატებსა და საზღვარგარეთ.

OPIC თავისი მისიის განსახორციელებლად ინვესტორებს სთავაზობს ფინანსურ რესურსს, გარანტიებსა და რისკების დაზღვევას, აგრეთვე მხარს უჭერს კერძო საინვესტიციო ფონდებს. OPIC როგორც აშშ-ის მთავრობის სააგენტო, 1971 წელს დაარსდა და მთლიანად თვითდაფინანსებაზე მუშაობს. OPIC-ის ყველა პროექტი ხორციელდება გარემოსა და სოციალური დაცვის მაღალი სტანდარტების შესაბამისად. OPIC პატივს სცემს ადამიანის უფლებებს, რომლებიც მოიცავს დასაქმებულთა უფლებებსაც. ამ სტანდარტების დაცვით OPIC ესწრაფვის დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები იმ ქვეყნებში, სადაც თავად მოღვაწეობს. OPIC -ის სერვისებით სარგებლობა შესაძლებელია 160-ზე მეტ ქვეყანაში. 1971 წლიდან დღემდე OPIC -მა განახორციელა 200 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია.

უწყების ინფორმაციით, OPIC წარმოადგენს ერთ-ერთ პირველ განვითარების ინსტიტუტს, რომელმაც ინვესტირება განახორციელა საქართველოში მას შემდეგ, რაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1991 წელს. OPIC-მა საქართველოში დღემდე განახორციელა 500 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია 50-ზე მეტ პროექტში, მათ შორის სოფლის მეურნეობის, ტურიზმის და „ფრანჩაიზის“ ქსელების ჩათვლით. დღევანდელი მონაცემებით, OPIC აფინანსებს 20-ზე მეტ მიმდინარე პროექტს ეკონომიკური სტაბილურობის მხარდასაჭერად ქვეყანაში.