საყოველთაო აღწერის მიხედვით, ქართველები საქართველოს მოსახლეობის 86,8%-ს შეადგენენ

მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 86,8%-ს ქართველები შეადგენენ, 6,3%-ს - აზერბაიჯანელები, ხოლო 4,5% სომეხი ეროვნების მოსახლეობაა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების თანახმად, ქვეყანაში მცხოვრები რაოდენობრივად პირველი ყველაზე მრავალრიცხოვანი 10 ეროვნება მთლიანი მოსახლეობის 99,6%-ს წარმოადგენს.

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობის განაწილება 10 ყველაზე მრავალრიცხოვანი ეროვნების მიხედვით ასეთია: ქართველი - 3 224 600 ადამიანი; აზერბაიჯანელი- 233 000; სომეხი- 168 100; რუსი- 26 500; ოსი- 14 400; იეზიდი - 12 200; უკრაინელი -6000; ქისტი - 5700; ბერძენი - 5500; ასირიელი- 2400; სხვა - 14 300. უარი პასუხზე განაცხადა 600-მა ადამიანმა. ეროვნება მითითებული არ არის 500 შემთხვევაში.

მოსახლოების 2014 წლის საყოველთაო აღწერა 5 ნოემბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში ჩატარდა.

აღწერამ მოიცვა ქვეყნის მთელი ტერიტორიის 82% - 57 ათასი კვ.კმ. აღწერა ვერ ჩატარდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

აღწერა ჩატარდა ქვეყნის დასახლებების 79%-ში. მოიცვა 71 თვითმმართველი ერთეული და 3726 დასახლება. აღწერა ვერ ჩატარდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ 1015 დასახლებაში.