აღწერის შედეგებით, ემიგრანტთა დიდი ნაწილი რუსეთში ცხოვრობს

2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების თანახმად, ემიგრანტთა ყველაზე დიდი ნაწილი რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობს.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის პრეზენტაცია გამართა.

აღწერის შედეგებმა აჩვენა, რომ ემიგრანტთა ყველაზე დიდი ნაწილი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში 21,7%, საბერძნეთში 15,9% და თურქეთში 11, 2%.

რუსეთის ფედერაციაში, საფრანგეთში, უკრაინასა და აზერბაიჯანში ემიგრირებულთა უმრავლესობას მამაკაცები შეადგენენ, ხოლო საბერძნეთში, თურქეთში, იტალიაში, გერმანიაში, აშშ-სა და ესპანეთში ემიგრანტი ქალები ჭარბობენ.

აღწერის მეთოდოლოგიის შესაბამისად, ემიგრანტი წარმოადგენდა 2002 წლის 1 იანვრიდან საქართველოდან უცხო სახელმწიფოში მუდმივად ან დროებით საცხოვრებლად წასულ პირს, რომლის არყოფნა საქართველოში აღემატებოდა 12 თვეს ან რომელიც აპირებდა საზღვარგარეთ დარჩენას 12 თვეზე მეტ ხანს.

აღწერის შედეგების მიხედვით, ემიგრანტთა რაოდენობამ 88,5 ათასი კაცი შეადგინა, მათ შორის 45,4 % მამაკაცია, ხოლო 54,6% - ქალი.

მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014 წლის 5 ნოემბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში ჩატარდა.

აღწერამ მოიცვა ქვეყნის მთელი ტერიტორიის 82% - 57 000 კვ.კმ. აღწერა ვერ ჩატარდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მთლიანი ფართობით - 13 ათასი კვ.კმ.

აღწერა ჩატარდა ქვეყნის დასახლებების 79%-ში, მოიცვა 71 თვითმმართველი ერთეული და 3726 დასახლება. აღწერა ვერ ჩატარდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ 1015 დასახლებაში.

მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 713 804 კაცი შეადგინა, რაც წინა, 2002 წლის აღწერის შედეგთან (4 371 535) შედარებით, 15%-ით ნაკლებია.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე