აღწერის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 26,7% უმაღლესი განათლების მქონეა

2014 წლის აღწერის შედეგების მიხედვით, მოსახლეობის 26,7% უმაღლესი განათლების მქონეა, პროფესიული განათლება 17,4%-ს აქვს, სრული ზოგადი განათლება (საშუალო განათლება) კი,- 36,7%-ს.

მოსახლოების 2014 წლის აღწერის შედეგად შეგროვდა ინფორმაცია 10 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობაში განათლების მიღწეული დონის შესახებ. ზოგადი განათლების საბაზო საფეხური მიუთითა 8,4%-მა, ხოლო დაწყებითი საფეხური 5,7%-მა.

საქსტატის განმარტებით, განათლების დონის შესახებ მონაცემები განსხვავდება დასახლებების ტიპების მიხედვით. მაგალითად, უმაღლესი განათლების მქონე მოსახლეობის 78,0% საქალაქო დასახლებებში ცხოვრობს, ხოლო 22,0% - სასოფლოში. სრული ზოგადი განათლების მქონეთა 47,2% საქალაქო დასახლებებშია, ხოლო 52,8 %- სასოფლოში.

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დღეს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების პრეზენტაცია გამართა.

მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014 წლის 5 ნოემბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში ჩატარდა.

აღწერამ მოიცვა ქვეყნის მთელი ტერიტორიის 82 % - 57 ათასი კვ.კმ. აღწერა ვერ ჩატარდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მთლიანი ფართობით - 13 ათასი კვ.კმ.

აღწერა ჩატარდა ქვეყნის დასახლებების 79%-ში, მოიცვა 71 თვითმმართველი ერთეული და 3726 დასახლება. აღწერა ვერ ჩატარდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ 1015 დასახლებაში.

მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 713 804 კაცი შეადგინა, რაც წინა, 2002 წლის აღწერის შედეგთან (4 371 535) შედარებით, 15%-ით ნაკლებია.