აღწერის შედეგებით, შიდა მიგრანტთა უმეტესობა თბილისში ცხოვრობს

2014 წლის აღწერის შედეგების მიხედვით, შიდა მიგრანტთა უმეტესობა თბილისში ცხოვრობს. სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დღეს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების პრეზენტაცია გამართა. მონაცემების თანახმად, მოსახლეობის 28,5% წარმოადგენს შიდა მიგრანტებს - პირებს, რომლებმაც შეიცვალეს მუდმივი სახოვრებელი ადგილი საქართველოს ფარგლებში. შიდა მიგრანტთა 33,6 %-ს მამაკაცები წარმოადგენენ, ხოლო 66,4%- ქალია.

შიდა მიგრანტთა უმეტესობა ცხოვრობს თბილისში (33,1%), იმერეთის რეგიონში (15,1%) და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში (9,6%).

მოსახლოების 5,0%-ს შეადგენენ იმიგრანტები - პირები, რომელთაც ოდესმე უცხოვრიათ საზღვარგარეთ 12 თვეზე მეტ ხანს. მათ შორის, 51,9% მამაკაცია, ხოლო 48,1% - ქალი. იმიგრანტთა 51,6 პროცენტისათვის წინა საცხოვრებელ ქვეყანას რუსეთის ფედერაცია წარმოადგენდა, 8,3 პროცენტისთვის საბერძნეთი, ხოლო 8,1 პროცენტი უკრაინაში ცხოვრობდა.

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დღეს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების პრეზენტაცია გამართა.

მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014 წლის 5 ნოემბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში ჩატარდა.

აღწერამ მოიცვა ქვეყნის მთელი ტერიტორიის 82% - 57 ათასი კვ.კმ. აღწერა ვერ ჩატარდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მთლიანი ფართობით - 13 ათასი კვ.კმ.

აღწერა ჩატარდა ქვეყნის დასახლებების 79%-ში, მოიცვა 71 თვითმმართველი ერთეული და 3726 დასახლება. აღწერა ვერ ჩატარდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ 1015 დასახლებაში.

მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 713 804 კაცი შეადგინა, რაც წინა, 2002 წლის აღწერის შედეგთან (4 371 535) შედარებით, 15%-ით ნაკლებია.