გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენი კერძები და ღვინო არაამქვეყნიურია

ჩვენი ხალხი ცნობილია სტუმართმოყვარეობით, ჩვენი კერძები და ღვინო კი უბრალოდ არაამქვეყნიურია , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ილინოისის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრის შემდეგ სტუდენტები ”სხვა თვალით” შეხედავენ აშშ-საქართველოს ურთიერთობების მნიშვნელობას, რომელიც, მისივე შეფასებით, რეგიონსა და მთელს მსოფლიოში უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს.

”გამოვთქვამ იმედს, რომ საქართველოში ჩამოხვალთ. ცხადია, ამ საკითხში მიკერძოებული ვარ, მაგრამ საქართველო მართლაც უმშვენიერესი ადგილია. ჩვენს პატარა ტერიტორიაზე თქვენ გელოდებათ საუცხოო პლაჟები, თვალწარმტაცი მთები და უნიკალური ისტორიული ძეგლები. ჩვენი ხალხი ცნობილია სტუმართმოყვარეობით. ჩვენი კერძები და ღვინო კი უბრალოდ არაამქვეყნიურია. სხვათა შორის, საქართველო არის მსოფლიო მეღვინეობის აკვანი. ჩემი ვიზიტი ხანმოკლეა, მაგრამ ჩემს გეგმებში შედის ადმინისტრაციასთან ერთი საკითხის განხილვა: როგორ ჩამოვიყვანოთ საქართველოში მეტი სტუდენტი ილინოისის უნივერსიტეტიდან და როგორ მოვიძიოთ თანამშრომლობის გზები. აუდიტორიაში მყოფ სტუდენტებს კი მოვუწოდებ, მაქსიმალურად გამოიყენეთ აქ გატარებული დრო, შეისისხლხორცეთ ცოდნა და ნუ მიიღებთ აქ მიღებულ გამოცდილებას, როგორც თავისთავად არსებულ მოცემულობას. ძალ-ღონე არ დაიშუროთ, რათა გაიფართოოთ ჰორიზონტი, გაეცნოთ თქვენი მსოფლმხედველობისგან განსხვავებულ იდეებს და თქვენგან განსახვავებულ ადამიანებს”, - მიმართა გიორგი კვირიკაშვილმა სტუდენტებს.

პრემიერმა დარბაზში მსხდომ ბიზნესმენებსაც მიმართა და საქართველოში ინვესტიციების განხორციელებისკენ მოუწოდა.

”საქართველოში ჩამოსულებს ჩვენ გაშლილი ხელით მიგიღებთ და გაგაცნობთ ბიზნესისთვის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ხელსაყრელ გარემოს”, - განუცხადა ბიზნესმენებს პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა უნივერსიტეტის ლექტორებსა და ადმინისტრაციას იმ დიდი სამუშაოსთვის, რომელიც ემსახურება ხვალინდელი დღის ლიდერების ჩამოყალიბებას, მადლობა გადაუხადა.

”ამ უნივერსიტეტში ჩემი სტუდენტობის პერიოდმა მართლაც რადიკალურად შეცვალა ჩემი ცხოვრება. მე დიდად ვაფასებ ჩემს კავშირს ამ შესანიშნავ ინსტიტუტთან”, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.