დიმიტრი ქუმსიშვილი - ჩვენი ხელისუფლების პერიოდში ყოველწლიურად იგება 28 კილომეტრი გზა

მე ვარ ეკონომიკის მინისტრი და ემოციებზე ვერ ვისაუბრებ, მოგახსენებთ ციფრებს, - ასე მიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გადაცემა ”არჩევანისა” და ”ბიზნესკურიერის” წამყვანებს.

როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, წინა წლებთან შედარებით, მაჩვენებლები ბევრი მიმართულებით გაუმჯობესებულია, რის შესახებაც მან მოსახლეობას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

”მოდით დავიწყოთ უმუშევრობით. მინდა დაგისვათ კითხვა - თქვენ თუ იცით, რამდენი პროცენტი იყო უმუშევრობის დონე 2012 წლის ბოლოს და ჩვენი რამდენი მოქალაქე იყო უმუშევარი? - მე მოგეხმარებით და გეტყვით, რომ 2012 წლის ბოლოს უმუშევრობა იყო 15 პროცენტი, ეს კი ნიშნავს, რომ ჩვენ 300 ათასი უმუშევარი გვყავდა. 2014 წლის ბოლოს უმუშევრობა იყო 12,4 პროცენტი და ეს იყო მინიმუმი ჩვენს ისტორიაში.

ეკონომიკურ ზრდაზე ვილაპარაკოთ - თუ შევხედავთ 2004-2012 წლებში საქართველოსა და ჩვენს მეგობართა ჯგუფში არსებულ ზრდას, ნახავთ, რომ 2004-2012 წლებში აზერბაიჯანში ზრდა იყო 13,7 პროცენტი, სომხეთსა და საქართველოში 6,5 პროცენტი, თურქეთში 5 პროცენტი და ა.შ. ახლა 2013-2015 წლები ავიღოთ - ჩვენთან არის 3,6 პროცენტი, თურქეთში ასევე 3,6 პროცენტი, სომხეთში 3,3, აზერბაიჯანში 3,2 პროცენტი, რუსეთში -0,6 პროცენტი და უკრაინაში -5,5 პროცენტი. ამიტომ როდესაც ჩვენ ეკონომიკურ ზრდაზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება რომ ქვეყანა, მითუმეტეს, ღია ეკონომიკით განვიხილოთ დამოუკიდებლად და ვთქვათ, რომ იცით რა, ჩვენს ქვეყანაში რაღაც ხდება და ჩვენს გარშემო მდგომარეობას არ ვითვალისწინებთ.

ახლა მინდა შედარებითი ანალიზი გავაკეთო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საკითხზე - 2009-2012 წლებში, მაშინ როდესაც, მათ შორის 4 მილიარდი დახმარება გვქონდა ჩვენ საზღვარგარეთიდან, საშუალოდ, ყოველწლიურად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით ქვეყანაში შემოდიოდა 872 მილიონი დოლარი. ახლა ვნახოთ 2013-2016 წლების საპროგნოზო მაჩვენებელი - ჩვენ ველოდებით, რომ საშუალოდ ეს იქნება მილიარდ 418 მილიონი წლიურად, რაც არის 62 %-იანი ზრდა. უფრო კონკრეტულად, 2013 წელს ჩვენ გქვონდა 941 მილიონის ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, 2014 წელს - მილიარდ 758 მილიონი, 2015-ში - მილიარდ 351 მილიონი, წელს ველოდებით მილიარდ 600 მილიონს. რომც დავუშვათ, რომ მილიარდ 600 მილიონი ვერ შესრულდა (თუმცა გადათვლილი გვაქვს და ველოდებით) და შესრულდა მილიარდ 350 მილიონი, რაც იყო შარშან, ამ შემთხვევაშიც კი საშუალო წლიური მაჩვენებლით - 54 %-ით მეტი გვექნება ყოველ წელს.

შემდეგი ციფრი: საშუალო წლიური დანახარჯი ავტობანის მშენებლობასთან დაკავშირებით - 2006-2013 წლებში საშუალოდ, წლიურად, წინა ხელისუფლება ავტობანზე ხარჯავდა 116 მილიონს, ჩვენი ხელისუფლების პერიოდში, 2013 წლიდან 2015 წლამდე საშუალოდ ვხარჯავთ 280 მილიონ ლარს. აქვე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ 2006-2012 წლებში, საშუალოდ ერთი კილომეტრის დაგება ჯდებოდა 11,5 მილიონი ლარი, მაშინ, როცა ჩვენი ხელისიფლების პერიოდში ჯდება 9,9 მილიონი ლარი და 14 პროცენტითაა გაიაფებული. ამასთან, წინა ხელისუფლების პერიოდში ყოველწლიურად, საშუალოდ იგებოდა გზის 10 კილომეტრი, მაშინ, როდესაც ჩვენი ხელისუფლების პერიოდში იგება 28 კილომეტრი გზა”, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ეკონომიკის მინისტრმა სოფლის მეურნეობის სექტორში არსებულ მაჩვენებლებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ”ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში აღნიშნული მიმართულებით საშუალოდ 5,3 პროცენტიანი ზრდა ფიქსირდება.

”სოფლის მეურნეობაში საქართველოში 2004 წლიდან 2012 წლამდე იყო კლება - საშუალოდ ეს არის -1,7 პროცენტი, მაშინ, როდესაც ჩვენ პერიოდში ფიქსირდება საშუალოდ 5,3 პროცენტიანი ზრდა. ასევე მინდა მოგახსენოთ და ესეც კონკრეტული ციფრებია, რომ ადრე იხვნებოდა 260 ათასი მიწის ფართობი, ახლა იხვნება 307 ათასი. ირიგაციას, მელორაციასა და მორწყვას ჰქონდა 45 ათასი, ახლა არის 105 ათასი ანუ ზრდა გვაქვს 133 პროცენტი.

ახლა მინდა ვისაუბრო მშენებლობაზე გაცემულ ნებართვებზე - 2010-2012 წლებში მშენებლობაზე იყო გაცემული 15 081 ნებართვა, 2013-2015 წლებში გაიცა 23 473 ნებართვა, რაც არის 56 %-ით მეტი. ავიღოთ მშენებლობები ფართობების მიხედვით: თბილისში მშენებლობების ნებართვები გაზრდილია 63 პროცენტით, აჭარაში - 70 პროცენტით და როცა ჩვენი ოპონენტები ამბობენ, რომ პროექტები არ დაწყებულა და ჩვენ ინერციით მივდივართ, მაშინ როგორ არის, რომ ჩვენ 73 %-ით მეტი გვაქვს?

რაც შეეხება ტურიზმს - 2012 წელთან შედარებით 37 პროცენტითაა გაზრდილი შემოსავლები. ასევე, ერთ საერთაშორისო ვიზიტორზე დანახარჯები გაზრდილია 526 ლარიდან 744 ლარამდე. ასევე მინდა გითხრათ, რომ 2012 წელთან შედარებით, მგზავრთა ნაკადი გაზრდილია 61 პროცენტით - ეს არის ჩამომფრენი მგზავრები.

სასტუმროები: 2014-2015 წლებში 93 ახალი განთავსების ობიექტი გაიხსნა და ეს იყო 6 803 საწოლი. 2016-2017 წლებში გაიხსნება დამატებით კიდევ 60-ზე მეტი”, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

დიმიტრი ქუმსიშვილმა აქცენტი ბიზნეს და საბანკო სექტორზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ თუკი ადრე ბიზნესის კეთება არავის უნდოდა, ახლა ვითარება შეცვლილია.

”ძალიან კონკრეტულ ციფრებს მოგიყვანთ. საშუალო საპროცენტო განაკვეთი კომერციულ სესხებზე 2008-2012 წლებში იყო 16,2 პროცენტი, 2013-2015 წლებში - 12,01 პროცენტი ანუ 25 %-იანი კლება გვაქვს. იპოთეკური სესხები დოლარში 2012 წელს, სავრაუდოდ, იყო 12,5 პროცენტი, 2015 წელს დოლარში - 8,5 პროცენტი.

2012 წლის სექტემბრის შემდეგ ბიზნესსექტორზე გაცემული სესხები არის 90 %-ით გაზრდილი - 8 მილიარდიდან 15 მილიარდ ლარამდე. წადით, გადაამოწმეთ ეს ინფორმაცია და ნახეთ. ყველაზე შთამბეჭდავი მატება არის აგროსექტორში, სადაც 6,5-ჯერ არის გაზრდილი. 7-ჯერ არის გაზრდილი სესხები სასტუმროებზე - 68 მილიონიდან 485 მილიონამდე. როგორ არის მაშინ ეს? რა ინერციაზე მელაპარაკებით? ხალხი ბიზნესს არ აკეთებდა, აღარ უნდოდა ბიზნესის კეთება, დღეს კი აი, ეს მაჩვენებლებია. რატომ? - იმიტომ რომ ბანკებმაც დაინახეს, რომ ქვეყანაში შეიძლება ბიზნესი აკეთოს ბიზნესმენმა და ბიზნესმენმაც დაინახა, რომ სესხის აღება შეუძლია”, - განმარტა ქუმსიშვილმა.