საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა აპრილში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 17,2 პროცენტით გაიზარდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა აპრილშიც რეკორდულად გაიზარდა. კერძოდ, 2016 წლის აპრილის თვის მონაცემებით, საქართველოს 462 480 საერთაშორისო მოგზაური ეწვია და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდამ 17,2 პროცენტი შეადგინა.

აპრილის თვის მაჩვენებლებით, იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვი, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში, 171 235-ია და ზრდა 20% შეადგენს.

ასევე გაზრდილია იმ უცხოელი მოგზაურების რიცხვი, რომლებიც ქვეყანაში ტრანზიტით ან ერთდღიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ.

2016 წლის აპრილში, ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან განხორციელდა და ამ მიმართულებით ყველა აღნიშნული ქვეყნიდან ჩამოსულ საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მეტია. საერთაშორისო მოგზაურების ზრდა დაფიქსირდა 4 თვის მონაცემებითაც და მათმა ჯამურმა რაოდენობამ მილიონ 596 916 შეადგინა, ზრდა კი გასული წლის პირველი ოთხი თვის მონაცემებთან შედარებით, 15,4%-იანია.

ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 2016 წლის პირველ 4 თვეში 578 100 შეადგინა, რაც 17 %-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებზე.

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების ზრდის კუთხით იანვარ-აპრილშიც გამოირჩნენ იტალია + 26%, ლატვია + 25% და საფრანგეთი + 14%.

შუა აზიის ქვეყნებიდან ყაზახეთი +29 % და უზბეკეთი +64%, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან ბელორუსი +36%, მოლდოვა +36%, ახლო აღმოსავლეთიდან – ისრაელი +106%, ხოლო აზიის ქვეყნებიდან – არაბთა გაერთიანებული საემიროები +141%.