ერთ თვეში  სტარტაპების ხელშეწყობის საფინანსო ინსტიტუტი ამოქმედდება

სტარტაპების ხელშეწყობის საფინანსო ინსტიტუტი ერთ თვეში ამოქმედდება. დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამას მთავრობა დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს.

„ჩვენი რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში უმნიშვნელოვანესი ინიციატივა ეხება საქართველოში „სტარტაპის“ ანუ დამწყები ბიზნესის დაფინანსებისთვის საფინანსო ინსტიტუტის შექმნას. დღეს ჩვენ დავამტკიცებთ ამ ინსტიტუტის მოქმედების ძირითად პრინციპებს, ხოლო დღეიდან ერთი თვის შემდეგ ეს ინსტიტუტი დაიწყებს ფუნქციონირებას ინოვაციებისა და ახალი ტექნოპარკის შენობაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა გამომდინარე იქიდან, რომ იგი იძლევა საშუალებას, დამწყებმა ბიზნესმა, ასევე, ინოვაციურმა და ტექნოლოგიურმა ახალმა ბიზნესმა მიიღოს დაფინანსება ყველანაირი უზრუნველყოფის და გირაოს გარეშე. პირველად ხდება საქართველოში ინოვაციური იდეების დაფინანსების ინსტიტუციონალიზაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ინოვაციური პოტენციალის განვითარების კუთხით. ჩვენ ვიცით ძალიან ბევრი ქვეყანა, სადაც ამ მიმართულებამ გარდატეხა შეიტანა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. ეს არის ჩვენი მხრიდან პირველი ნაბიჯი ამ მიმართულებით, რაც ძალიან მისასალმებელია“, - განაცხადა მთავრობის სხდომაზე პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნული ინსტიტუტის დადაფინანსება ხდება საპარტნიორო ფონდის და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მეშვეობით; საწყისი ბიუჯეტი იქნება 11 მილიონი ლარი, ხოლო საბოლოოდ, იგი გაიზრდება 35 მილიონ ლარამდე.

პრემიერის ინფორმაციით, ამ ინსტიტუტის მუშაობაში საერთაშორისო ექსპერტები და პროფესიონალები ჩაერთვებიან.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე