გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის წევრებს მოუწოდა, საზოგადოებას ახალი საწარმოების შესახებ მეტი ინფორმაცია მიაწოდონ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის წევრებს მოუწოდა, საზოგადოებას ახალი საწარმოების შესახებ მეტი ინფორმაცია მიაწოდონ. მთავრობის სხდომაზე გიორგი კვირიკაშვილმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს დიმიტრი ქუმსიშვილს გადაცემა „არჩევანში“ საწარმოების შესახებ ინფორმაციის კარგად მიწოდებისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ ინტენსიურ მუშაობას და ვფიქრობ, რომ კიდევ არაერთი საწარმო გაიხსნება. მე მოგიწოდებთ მთავრობის წევრებს, მაქსიმალურად ჩაერთოთ ამ კომპანიების თაობაზე ინფორმაციის საზოგადოებამდე მიტანის პროცესში. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენმა მოქალაქებმა იცოდნენ, რომ თითოეული ასეთი პროექტი არის განსაზღვრული იმისთვის, რომ შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები. ძალიან ხშირად ალბათ საჭიროა უფრო მეტი ინფორმაციის მიტანა. მინდა მადლობა ვუთხრა ეკონომიკის მინისტრს, რომ მან საკმაოდ კარგად, ვიზუალურად წარმოადგინა რამდენიმე პროექტი. სამწუხაროდ, მას არ მიეცა საშუალება მეტი ინფორმაცია მიეწოდებინა. არ ვიცი, ეს ტექნიკური ხარვეზი იყო თუ სხვა რამ, მაგრამ მე მინდა ყველა თქვენგანს მოგიწოდოთ, რომ მაქსიმალურად შევეცადოთ მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას ასეთი პროექტების შესახებ“, - მიმართა პრემიერმა მთავრობის წევრებს.