გიორგი კვირიკაშვილი - საქართველოს გავლით ტვირთების გადაზიდვის მატება პირდაპირ მიუთითებს ქვეყანაში დასაქმებულთა მატებაზე

საქართველოს გავლით ტვირთების გადაზიდვის მატება პირდაპირ მიუთითებს ქვეყანაში დასაქმებულთა მატებაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობა დღევანდელ სხდომაზე განიხილავს საკითხს, რომელიც კომპანია „აისბერგ ფოთის“ მიერ შავი ზღვის სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი კონტეინერების საწყობის მშენებლობას ეხება.

„კონტეინერების გადაზიდვები საქართველოში ძალიან მნიშვნელოვნად და სწრაფად იზრდება და ასეთი ტიპის ლოჯისტიკური ცენტრების საჭიროება სულ უფრო და უფრო მატულობს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის განხორციელება, რეალიზაცია ამ პოტენციალის უფრო და უფრო მეტად ხდება. საქართველოს გავლით ტვირთების გადაზიდვის მატება პირდაპირ მიუთითებს ქვეყანაში დასაქმებულთა მატებაზე, ვინაიდან არსებობს ძალიან ძლიერი კავშირი გადაზიდული კონტეინერების რაოდენობასა და ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას შორის. ჩვენი ქვეყნის მეშვეობით გადაზიდული თითოეული კონტეინერი არის ახალი დამატებითი სამუშაო ადგილები, რაც აღსანიშნავია“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.