მთავრობა ახმეტის, თუშეთის, მესტიის და მულახის განვითარების ღონისძიებების განხორციელებას იწყებს

მთავრობა ახმეტის, თუშეთის, მესტიის და მულახის განვითარების ღონისძიებების განხორციელებას იწყებს. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ეს გულისხმობს საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის დაცვას და განვითარებას, ასევე ტურისტული პოტენციალის მაქსიმალურ ათვისებას.

„სივრცითი მოწყობა არის ჩვენი 4-პუნქტიანი რეფორმის ერთ-ერთი უნიშვნელოვანესი ინიციატივა. ამ მიმართულებით ჩვენ დღეს ვიწყებთ ახმეტის, თუშეთის, მესტიის და მულახის განვითარების ღონისძიებათა შესახებ გადასადგმელი ნაბიჯების განხილვას და პაკეტის დამტკიცებას. საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარების, ასევე ტურისტული პოტენციალის მაქსიმალური ათვისების მიზნით, დღეს ვიწყებთ განვითარების და ამ მიმართულებების სივრცითი ტერიტორიული მოწყობის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტის შექმნას“, -განაცხადა პრემიერმა.

მისივე განმარტებით, ამ დოკუმენტის მიხედვით მოხდება გეგმური, კანონზომიერი განვითარება, რათა ერთი მხრივ, მოხდეს კულტურული მემკვიდრეობის და იქ არსებული უნიკალური ეკოსისტემის შენარჩუნება, მეორე მხრივ, განვითარდეს ტურისტული პოტენციალი.

„ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე ან უფრო ადრე ეს დოკუმენტი იქნება მზად, რაც იქნება განვითარების საგზაო რუკა ამ ორი მიმართულებით“, -აღნიშნა პრემიერმა.