„აიფიემი“ მთავრობის წარმატების ინდექსური კვლევის შედეგებს აქვეყნებს

„აიფიემი“ მთავრობის წარმატების ინდექსური კვლევის შედეგების გამოქვეყნებას აგრძელებს. ორგანიზაციის მონაცემებით, მთავრობის საქმიანობის ეფექტურობის ინდექსის თვალსაზრისით, იანვრის თვესთან შედარებით, თითქმის ყველა დარგში აღინიშნება მთავრობის საქმიანობის ეფექტურობის ინდექსის კლება. ყველაზე მკვეთრი ვარდნა - 3 ერთეულით - დაფიქსირდა ტერიტორიული მთლიანობა/უსაფრთხოება/ჯარის და მთავრობის ხალხისადმი დამოკიდებულების მიმართულებით.

ამავე კვლევის მიხედვით, წარმატების მოლოდინის ინდექსმა, მსგავსად წინა ინდექსისა, ასევე განიცადა ვარდნა თითქმის ყველა მიმართულებით.

”მხოლოდ საგარეო ურთიერთობების დარგში აიწია მაჩვენებელმა ერთი ერთეულით. ინდექსის მაჩვენებელმა ყველაზე დიდი ვარდნა განიცადა დასაქმებისა და ტერიტორიული მთლიანობა/უსაფრთხოება/ჯარის მიმართულებით (-2 პუნქტი)

წარმატების მოლოდინის ინდექსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვლავ ჯანდაცვის სფეროს ახასიათებს”, - ნათქვამია კვლევაში.

კვლევის მიხედვით, მთავრობის საქმიანობის რეიტინგის თვალსაზრისით, ამ ინდექსში დადებითი ცვლილება დაფიქსირდა მხოლოდ საგარეო ურთიერთობების მხრივ (+1). ასევე ერთი ერთეულით, ოღონდ უარყოფითი მიმართულებით, მაჩვენებელი შეიცვალა დასაქმების, სოციალურად დაუცველებზე/პენსიონრებზე ზრუნვის და პოლიციის დარგში.

”სოციალურად დაუცველებზე/პენსიონრებზე ზრუნვის მიმართულებით გრძელდება რეიტინგის სტაბილური მონოტონური კლება. რეიტინგის ზრდის ტენდენცია შეინიშნება საგარეო ურთიერთობების დარგშიც. ამ თვეში მთავრობის საქმიანობის ეფექტურობის საშუალო ინდექსი რეკორდულად დაბალია და შეადგენს უკვე -10.6-ს, რაც შარშანდელ ამ თვის მაჩვენებელს 2.1 პუნქტით ჩამორჩება. ასევე, საგრძნობლად დაიკლო მოლოდინის ინდექსის საშუალო მაჩვენებელმა (-3.4). უნდა აღინიშნოს, რომ ივლისის შემდეგ ეს მაჩვენებელი პირველად ჩამოცდა -3- ს. მთავრობის საქმიანობის რეიტინგი, ივლისის შემდეგ, განაგრძობს ვარდნას - ამ თვეში ინდექსის საშუალო მაჩვენებელი შეადგენს 7.5-ს. ეს ასევე, წინა ინდექსების მსგავსად, ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ბოლო ერთი წლის განმავლობაში”, - ნათქვამია კვლევაში.

კვლევის ფარგლებში ხდება მთავრობის საქმიანობის ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროების მიმართ მოსახლეობის განწყობისა და მოლოდინების შეფასება, რის შედეგადაც ითვლება 3 ტიპის ინდექსი:

• მთავრობის საქმიანობის ეფექტურობის ინდექსი;

• წარმატების მოლოდინის ინდექსი;

• მთავრობის საქმიანობის რეიტინგი;

კვლევის მორიგი ტალღა ჩატარდა 2016 წლის აპრილის თვეში. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოიკითხა თბილისის მოსახლეობა: 600 რესპონდენტი, რომელთა ასაკიც იყო 18+. რესპონდენტებს დაესვათ კითხვა მთავრობის საქმიანობის შესახებ შემდეგ სფეროებთან დაკავშირებით:

• ჯანდაცვის სფერო;

• განათლება და მეცნიერება;

• ეკონომიკური საქმიანობა;

• დასაქმება;

• სოციალურად დაუცველებზე (მათ შორის პენსიონერებზე) ზრუნვა;

• საგარეო ურთიერთობები;

• ტერიტორიული მთლიანობა, უსაფრთხოება, ჯარი;

• პოლიცია;

• ადამიანის უფლებები;

• მთავრობის დამოკიდებულება ხალხისადმი;

მთავრობის საქმიანობის ეფექტურობის ინდექსი – გამოხატავს საზოგადოების დამოკიდებულებას ამა თუ იმ სფეროში, ერთი თვის განმავლობაში, განხორციელებული ნაბიჯების მიმართ.

ინდექსი დამოკიდებულია თითოეულ სფეროში დადებითი და უარყოფითი პასუხების პროპორციაზე. მნიშვნელობას იღებს -100-დან +100-მდე.

წარმატების მოლოდინის ინდექსი – გამოხატავს საზოგადოების მოლოდინს ამა თუ იმ სფეროში მთავრობის მიერ განხორციელებული ნაბიჯების შედეგების მიმართ. ეს ინდექსი დამოკიდებულია თითოეულ სფეროში დადებითი და ნეგატიური პასუხების პროპორციაზე. მნიშვნელობას იღებს -100–დან +100–მდე.

მთავრობის საქმიანობის რეიტინგი – ორი ინდექსის კრებითი ინდექსი, რომელიც გამოხატავს თუ რამდენად კმაყოფილია საზოგადოება მთავრობის მიმდინარე მუშაობით და რამდენად ენდობა მას მომავალში. მნიშვნელობას იღებს 0-დან 100-მდე.

ორგანიზაცია ზომავს მთავრობის საქმიანობის ეფექტურობის ინდექსს, რაც მთავრობის მიმდინარე საქმიანობის შეფასებაა. ასევე, ამავე პროექტის ფარგლებში, იზომება მთავრობის საქმიანობის ეფექტი 2-5 წლიან პერსპექტივაში, რასაც ორგანიზაციაში წარმატების მოლოდინის ინდექსს უწოდებენ და ამ ორი ინდექსის ბაზაზე ითვლება მთავრობის რეიტინგი, მისი ცალკეული საქმიანობების მიხედვით.