დიმიტრი ქუმსიშვილი -  ონლაინ-სესხებთან დაკავშირებით მარეგულირებელი ორგანო ეროვნული ბანკი იქნება

პროექტის თანახმად, ონლაინ-სესხებთან დაკავშირებით მარეგულირებელი ორგანო ეროვნული ბანკი იქნება.

ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.

როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, ეს არის სწორი გადაწყვეტილება. მისივე თქმით, პროექტის მიზანია, მომხმარებელთა ინტერესების დაცვა.

”ამ პროექტის მიხედვით, რასაც ვიხილავთ, მარეგულირებელი ორგანო ეროვნული ბანკი უნდა იყოს. ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ეს არის სწორი გადაწყვეტილება. შინაარსი პროექტის განხილვისა არის მომხმარებელთა ინტერესების დაცვა იმიტომ, რომ დღეს, სამწუხაროდ, მოსახლეობაში ფინანსური საკითხების ცოდნა არ არის იმდაგვარი, რომ მათ თავიანთი თავი დამოუკიდებლად დაიცვან. შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა, ეს ყველაფერი იმდაგვარად იყოს დარეგულირებული, რომ მოსახლეობამ მიიღოს აღნიშნული მომსახურება, რაც მნიშვნელოვანია, მაგრამ ამავე დროს, მათ არ გასწიონ იმაზე მეტი რისკები, რაც ბუნებრიობას სცილდება", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

როგორც ცნობილია, მთავრობამ ონლან-სესხებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობა დაიწყო.