ბაჰრეინიდან საქართველოში შესაძლოა, პირდაპირი ავიარეისები დაინიშნოს

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ბაჰრეინის ავიაკომპანიის Gulf Air-ის წარმომადგენლებსა და ტურიზმის განვითარების დარგში ბაჰრეინის ეკონომიკური საბჭოს წევრს შეხვდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ბაჰრეინიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების შესრულების შესაძლებლობაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ბაჰრეინის ავიაკომპანია ამჟამად სწავლობს საქართველოს ბაზარს და ეცნობა პოტენციალს, რათა შემდგომში მიღებული იქნას გადაწყვეტილება პირდაპირი ავიარეისების დანიშვნის თაობაზე.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით ხუციშვილი, სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი ქეთევან ალექსიძე და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რუსუდან მამაცაშვილი. ბაჰრეინის დელეგაცია თბილისში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მოწვევით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ბაჰრეინის დელეგაცია შეხვდება ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს, სადაც დეტალურად განიხილავენ საქართველოს ტურისტულ პოტენციალს და მიიღებენ მათთვის საინტერესო დეტალურ ინფორმაციას არსებული ტურისტული ბაზრის შესახებ.

Gulf Air - ბაჰრეინის სამეფოს ფლაგმანი ავიაკომპანია, რომელიც საავიაციო ბაზარზე 1950 წლიდან ოპერირებს, არის ერთ-ერთი პირველი ავიაკომპანია ახლო აღმოსავლეთში და შედის მსოფლიოს მსხვილი ავიაკომპანიების სიაში. ავიაკომპანია - ბაჰრეინის საერთაშორისო აეროპორტიდან, ამჟამად ფრენებს 24 ქვეყნის 43 ქალაქში ახორციელებს, მსოფლიოს 3 კონტინენტზე.

საქართველოს მთავრობასა და ბაჰრეინის სამეფოს მთავრობას შორის შეთანხმებას საჰაერო მიმოსვლის შესახებ ხელი 2016 წლის 21 იანვარს „Bahrain International Air Show”-ს ფარგლებში მოეწერა. შეთანხმების გაფორმებით, შეიქმნა ორ ქვეყანას შორის საჰაერო ტრანსპორტის სფეროში სამართლებრივი ბაზა, რამაც ხელი შეუწყო პირდაპირი საჰაერო რეგულარული მიმოსვლის დაწყების შესაძლებლობას, ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას და ტურიზმის განვითარებას.