"საქართველოში ჩინური ინვესტიციები იზრდება"

"საქართველოში ჩინური ინვესტიციები იზრდება", - ამ სათაურით აქვეყნებს ჩინური ტელეკომპანია CCTV-ის ამერიკული ოფისი ქართულ-ჩინური ინვესტიციების შესახებ რეპორტაჟს. 

როგორც რეპორტაჟშია აღნიშნული, ჩინური „ჰუალინგ ჯგუფი“ საქართველოში კარგად ცნობილი სახელია.

„კომპანია თბილისის გარეუბანში ბიზნეს-ცენტრს აშენებს, რომელიც ყველაზე დიდი იქნება კავკასიაში. 2009 წლიდან მოყოლებული „ჰუალინგმა“ საქართველოში 500 მილიონი დოლარის ინვესტირება მოახდინა ინფრასტრუქტურის, მეტყევეობისა და ფინანსურ სექტორში“, - ნათქვამია რეპორტაჟში.

ამასთან, ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოში 20-ზე მეტი ჩინური კომპანია ოპერირებს.

„ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი 400%-ზე მეტით გაიზარდა“, - ამბობს სიუჟეტის ავტორი და დასძენს, რომ ჩინეთ-საქართველოს შორის ინვესტიციების გაზრდას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, რომელიც ძალაში სავარაუდოდ, წლის ბოლოს შევა.

სიუჟეტში ასევე მოყვანილია სტატისტიკური მონაცემები, რომლის თანახმად, მიმდინარე წლის აპრილში საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვი საქართველოში 17%-ით გაიზარდა, მსოფლიო ბანკის ბიზნესის დაწყების სიმარტივის რეიტინგში საქართველო მე-6 ადგილზეა, ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში კი საქართველო 12-ეა და ისეთ ქვეყნებს უსწრებს, როგორებიც ესპანეთი, ნორვეგია და ბელგიაა.