აკაკი ცომაია - დეკლარირებული პროექტების შესრულების და ინვესტიციების შემოსვლის შემთხვევაში, 3%-იანი ეკონომიკური ზრდა, შესაძლებელია

ეკონომისტ აკაკი ცომაიას შეფასებით, დეკლარირებული პროექტების რეალურად შესრულებისა და ინვესტიციების შემოსვლის შემთხვევაში, 2016 წელს საქართველოში 3%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა შესაძლებელი იქნება.

როგორც აკაკი ცომაიამ განაცხადა, ეკონომიკური ზრდა პირდაპირი ინვესტიციების შემოსვლის რაოდენობას უკავშირდება.

”თუ ის პროექტები, რაც დეკლარირებულია, ნამდვილად სრულდება და ადგილი აქვს პირდაპირი ინვესტიციების შემოსვლას, მაშინ შეიძლება, რომ 3%-იანი ეკონომიკური ზრდა რეალური იყოს, ანუ უკავშირდება პირდაპირი ინვესტიციების შემოსვლის რაოდენობას”, - განაცხადა ცომაიამ.

რაც შეეხება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ საქართველოსთვის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის 2,6%-დან 3,4 %-მდე გაზრდის მიზეზებს, აკაკი ცომაია ამ ყველაფერს ახალი პროექტების დეკლარირებას უკავშირებს.

”ამასთან, EBRD საქართველოში აპირებს ინვესტიციების განხორციელებას, ამან შექმნა ოპტიმიზმის საფუძველი. ასევე, რა თქმა უნდა, თავად იმ ფაქტმა, რომ სავაჭრო პარტნიორებში მდგომარეობა დარეგულირდა და აქედან გამომდინარე, ლარის კურსი დასტაბილურდა”, - განაცხადა ცომაიამ.

როგორც ეკონომისტმა აღნიშნა, კლება იმპორტსა და ექსპორტში გასაგებია, რადგან მოხმარება ძალიან შემცირებულია.

”ეს არის სწორედ ის, რაც ზოგადად ხელს უშლის ეკონომიკურ ზრდას. ამ კუთხით მძიმე მდგომარეობაა, მაგრამ არის მეორე მიმართულება - მთლიანი შიდა პროდუქტი და ეკონომიკური ზრდა მხოლოდ მოხმარების კომპონენტით არ შედგება, არამედ შედგება ასევე ინვესტიციებისგან. თუ ინვესტიციები აჭარბებს ამ საკითხს, ამ შემთხვევაში შესაძლოა, რომ მიღწეული იყოს 3%-იანი ეკონომიკური ზრდა”, - განაცხადა ცომაიამ.

EBRD-მა საქართველოს 2016 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3.4%-მდე გაუზარდა, მაშინ როდესაც 2015 წელს ნოემბერში გაკეთებული პროგნოზით, ევროპის რეკოსნტრუქციისა და განვითარების ბანკი ვარაუდობდა, რომ 2016 წლის ეკონომიკური ზრდა საქართველოსთვის 2.6% იქნებოდა. ამასთან, საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი მიმდინარე წელს ქვეყნაში 3%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდებიან.