ეროვნული ბანკის პროგნოზით, წლიური ინფლაცია ზომიერად შემცირდება

2016 წლის შემდგომ კვარტლებში წლიური ინფლაცია ზომიერად შემცირდება და მიმდინარე მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბლა შენარჩუნდება, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივ მაჩვენებელს მიუახლოვდება.

ამის შესახებ ეროვნული ბანკის მაისის თვის ანგარიშშია ნათქვამი.

ანგარიშის თანახმად, 2017 წელს მიზნობრივი მაჩვენებელი 4%-ს, ხოლო 2018 წლიდან 3%-ს შეადგენს.

სებ-ის განმარტებით, ინფლაციის შემცირებაზე სუსტი ერთობლივი მოთხოვნა და საერთაშორისო ბაზრებზე სურსათისა და ნავთობის ფასები მოქმედებს.

,,არსებული პროგნოზები რისკებს როგორც შემცირების, ისე ზრდის მიმართულებით შეიცავს. ძირითად რისკ ფაქტორს კვლავ საგარეო სექტორი წარმოადგენს”, - აღნიშნულია ეროვნული ბანკის ანგარიშში.

სებ-ის განმარტებით, თუკი რეგიონის სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკური კრიზისი მოსალოდნელზე მეტად გაღრმავდება ან მოსალოდნელზე ინტენსიური იქნება, პროგნოზთან შედარებით გაუარესებულ სურათს მივიღებთ. ხოლო ამის საპირისპიროდ, მოსალოდნელზე მეტად გაზრდილ უცხოურ ინვესტიციებს ან კერძო თუ სახელმწიფო ინფრასტრუქტურულ პროექტებს პროგნოზთან შედარებით პოზიტიური გავლენა ექნება.