სტუდენტები და მკვლევარები ევროკავშირში დარჩენას და დასაქმებას შეძლებენ

ევროპარლამენტმა ახალი რეგულაცია მიიღო, რომლის თანახმად, ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფოების სტუდენტები და მკვლევარები, სწავლისა თუ კვლევითი სამუშაოს ჩატარების შემდეგ, ევროკავშირში დარჩენასა და დასაქმებას შეძლებენ.

როგორც ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ახალი რეგულაციის თანახმად, სასწავლო პროცესის ან კვლევითი სამუშაოს დასრულების შემდეგ, მესამე ქვეყნის სტუდენტებსა და მკვლევრებს უფლება ექნებათ, ევროკავშირის ტერიტორიაზე სულ მცირე 9 თვით დარჩნენ, იმისთვის, რომ სამსახური იშოვონ ან ბიზნესი დაიწყონ.

ევროპარლამენტში მიიჩნევენ, რომ ამ ადამიანების უნარების რეალიზება ევროპას სარგებელს მოუტანს.

გარდა ამისა, ახალი რეგულაციის ამოქმედების შემდეგ მესამე ქვეყნების სტუდენტები და მკვლევრები ევროკავშირის ტერიტორიაზე, ანუ ერთი წევრი სახელმწიფოდან მეორეში გადაადგილებას უფრო მარტივად შეძლებენ.

„მომავალში, მათ აღარ დასჭირდებათ ახალი სავიზო აპლიკაციის შევსება, არამედ მხოლოდ უნდა შეატყობინონ წევრ სახელმწიფოს, სადაც აპირებენ ჩასვლას, მაგალითად ერთი გაცვლით სემესტრზე დასწრების მიზნით. მკვლევარებს კი ექნებათ საშუალება, ჩავიდნენ უფრო ხანგრძლივი პერიოდით, ვიდრე ამჟამად არის დაშვებული“, - ნათქვამია ევროპარლამენტის პრესრელიზში.

ახალი რეგულაციის თანახმად, მკვლევარებისთვის დაწესდება კიდევ ერთი შეღავათი. კერძოდ, მათ უფლება მიეცემათ, თან წაიყვანონ ოჯახის წევრები, რომლებსაც ევროპაში ყოფნის პერიოდში მუშაობის უფლება ექნებათ.

გარდა ამისა, სტუნდეტებს მიეცემათ უფლება კვირაში 15 საათი იმუშაონ.

რეგულაცია კიდევ ერთ სიახლეს ითვალისწინებს: მისი ამოქმედების შემდეგ ევროპული სამოხალისო პროგრამების სტაჟიორებისთვის და მოხალისეებისთვის დაწესდება ევროკავშირში ჩასვლის ერთიანი პირობები და უკეთესი დაცვითი მექანიზმები მათი იქ ყოფნის პერიოდში.

ახალი დირექტივის მიღების შემდეგ ევროდეპუტატებმა მის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

როგორც ევროდეპუტატმა სესილია უიკსტრომმა განაცხადა, ამ რეგულაციის მიღებით ევროკავშირმა სათანადოდ დააფასა მაღალი კვალიფიკაციის მქონე ადამიანების ხელშეწყობის მნიშვნელობა.

„უდავოდ, ეს ნიშნავს რომ ევროპული უნივერსიტეტები მსოფლიო არენაზე უფრო კონკურენტუნარიანი და მიმზიდველი გახდებიან“, - განაცხადა მან.

ევროპარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ახალი რეგულაცია ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებიდან მეორე დღეს შევა ძალაში.

ხოლო ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა რეგულაცია საკუთარ ეროვნულ კანონმდებლობაში მაქსიმუმ 2 წელიწადში უნდა შეიტანონ.