ევროკომისია საქართველოსთვის, უკრაინის, თურქეთისა და კოსოვოსთვის უვიზო მიმოსვლის ”სწრაფი შეჩერების მექანიზმის” დაწესების წინადადებით გამოდის

ევროკომისიამ ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს საქართველოსთვის, უკრაინის, თურქეთისა და კოსოვოსთვის უვიზო მიმოსვლის ”სწრაფი შეჩერების მექანიზმის” დაწესების თაობაზე წინადადებით მიმართა. ამის შესახებ euroline.ge წერს.

სააგენტოს ინფორმაციით, ევროკომისიის მიერ წარდგენილი წინადადება შესაბამისი ცვლილებების შეტანას 539-ე რეგულაციაში გულისხმობს.

”20 მაისს, ევროკავშირის შინაგანი საქმეებისა და მართლმსაჯულების საბჭო, რომელშიც ევროკავშირის 28 ქვეყნის შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები შედიან, განიხილავს ევროკომისიის საკანონმდებლო წარდგინებას საქართველოს, უკრაინის, თურქეთისა და კოსოვოსათვის უვიზო მიმოსვლის ე.წ. “სწრაფი შეჩერების მექანიზმის” დაწესების თაობაზე”, - წერს euroline.ge

ცვლილების მთავარ მიზანს წარმოადგენს წევრი ქვეყნებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის გამარტივებული პროცედურის დაწესება, რომლითაც ნებისმიერი წევრი ქვეყანა უფლებამოსილი იქნება ინდივიდუალურად მოახდინოს შეჩერების მექანიზმის ამოქმედება საკუთარი ინიციატივით. კერძოდ, ცვლილება ითვალისწინებს შეჩერებისთვის ამჟამად არსებული ვადების შემოკლებას და შეჩერების საფუძვლების გაფართოებას.

ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოსადმი ევროკომისიის წინადადებასთან დაკავშირებით euroline.ge ვრცელ ინფორმაციას აქვეყნებს, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: http://www.euroline.ge/?p=7390