გიორგი კვირიკაშვილი - ბაქო-სუფსის დერეფნის პროექტი ჰეიდარ ალიევისა და ედუარდ შევარდნაძის მიერ მიღებული სტრატეგიული გადაწყვეტილებაა

20 წლის წინ, მაშინდელი პრეზიდენტების, ჰეიდარ ალიევის და ედუარდ შევარდნაძის მხრიდან, მიღებული იქნა სტრატეგიული გადაწყვეტილება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აღმოსავლეთ-დასავლეთ (ბაქო-სუფსა) ენერგეტიკული დერეფნის 20 წლის იუბილის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, დღეს ჩვენ ვზეიმობთ ბაქო-სუფსის ნავთობსადენის საფუძვლის ჩაყრის 20 წლისთავს, რაც მნიშვნელოვანი თარიღია.

„ეს არის მნიშვნელოვანი თარიღი - 20 წლის წინ მიღებული იქნა სტრატეგიული გადაწყვეტილება, მაშინდელი პრეზიდენტების ჰეიდარ ალიევისა და ედუარდ შევარდნაძის მხრიდან, კომპანია „ბი-პი“-სა და საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით შედგა პროექტი, რომელმაც სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკული დერეფნის საფუძველი ჩაყარა, რაც იყო უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება უსაფრთხოების ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით და რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული კავშირით დააკავშირა საქართველო და აზერბაიჯანი. ამიტომ ჩვენ მივესალმებით, ძალიან მნიშვნელოვანი იუბილეა“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, მოხარულია, რომ საქართველოში სტუმრად იმყოფება აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი.

ღონისძიებას საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, ”სოკარის” პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი, აზერბაიჯანის მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსისა და კომპანია „ბი-პის“ წარმომადგენლები ესწრებიან.

20 წლის წინ 1996 წლის 8 მარტს ჰეიდარ ალიევმა და ედუარდ შევარდნაძემ ხელი მოაწერეს ბაქო-სუფსას დერეფნის მშენებლობის შეთანხმებას.