დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შემთხვევაში, ქვეყნის დატოვება შესაძლოა, 3 მილიონამდე ევროპელს მოუწიოს

თუ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან გავა, ქვეყნის დატოვება შესაძლოა, 3 მილიონამდე ევროპელს მოუწიოს. როგორც გამოცემა „ტელეგრაფი“ წერს, ამის შესახებ შოტლანდიის გენერალურმა პროკურორმა და დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა რიჩარდ კინმა პარლამენტში გამართულ დებატებზე განაცხადეს.

საუბარია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ამჟამად გაერთიანებულ სამეფოში ცხოვრობენ.

ხელისუფლება აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შემთხვევაში, ლონდონი ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეების დაცვას შეეცდება, მაგრამ კანონმდებლობა არ ითხოვს, რომ მათი დიდ ბრიტანეთში დარჩენის უფლება უზრუნველყოფილი იყოს.

მოგვიანებით დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ ეს არის უწყების ოფიციალური პოზიცია, რასაც ბრიტანელი დეპუტატების მწვავე რეაქცია მოჰყვა.

მათი მოსაზრებით, დაუშვებელია დიდი ბრიტანეთიდან იმ ადამიანების გაძევება, რომლებიც ქვეყანაში ლეგალურად ჩავიდნენ და იმყოფებიან.

დიდ ბრიტანეთში ევროკავშირში დარჩენა-არდარჩენის საკითხზე საყოველთაო რეფერენდუმი 23 ივნისს ჩატარდება.