საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მოლაპარაკებების მე-2 რაუნდი გაიმართა

საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მოლაპარაკებების მე-2 რაუნდი გაიმართა.

როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, მოლაპარაკებების მე-2 რაუნდი 9-13 მაისს პეკინში გაიმართა.

საქართველოს დელეგაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე ხელმძღვანელობდა. შეხვედრისას მხარეების მიერ კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ორივე მხარე მზად არის, მოლაპარაკებები 2016 წლის ბოლომდე დაასრულოს.

„მოლაპარაკებების მეორე რაუნდზე მხარეებს შორის მოხდა შეთავაზებების გაცვლა საქონლით ვაჭრობის და მომსახურებით ვაჭრობის ნაწილში. მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული საბაჟო პროცედურების, წარმოშობის წესების, სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომების, ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების, ვაჭრობაში დაცვითი ზომების, კონკურენციის, ინტელექტუალური საკუთრების დაცვისა და მომსახურებით ვაჭრობის ნაწილებში“, - აცხადებენ სამინისტროში.

მათივე თქმით, მოლაპარაკებების მეორე რაუნდს დამკვირვებლის სტატუსით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალური ადმინისტრაციულ ერთეულის ჰონგ-კონგის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ჰონგ-კონგის მთავრობა უახლოეს მომავალში მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ რა ფორმით მიუერთდეს საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების კუთხით, რაც მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. შეთანხმების ამოქმედების შემდგომ საქართველოს დამატებით გაეხსნება 1.4 მილიარდიანი სამომხმარებლო ბაზარი, რაც მნიშვნელოვნად საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას გაზრდის და აისახება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე პოზიტიურად.

სამინისტროს განცხადებით, მხარეებს შორის მიღწეულია შეთანხმება, რომ მოლაპარაკებების მე-3 რაუნდი გაიმართება თბილისში, მიმდინარე წლის ივლისის თვეში. მესამე რაუნდზე კიდევ უფრო მეტი პროგრესის მისაღწევად მხარეები შეთანხმდნენ, რომ რაუნდებს შორის თემატური შეხვედრები ჩატარდება.