საბერძნეთში ტრანსადრიატიკის მილსადენის მშენებლობა დაიწყო

მილსადენი აზერბაიჯანიდან საბერძნეთისა და ალბანეთის გავლით ბუნებრივ აირს აღმოსავლეთ ევროპას მიაწვდის.

საბერძნეთში ტრანსადრიატიკის მილსადენის (TAP) მშენებლობა დაიწყო. 878 კილომეტრიანი გაზსადენი სამხრეთ კავკასიის გაზსადენის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს შეადგენს. იგი აზერბაიჯანული გაზის სამხრეთ იტალიაში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. სამხრეთ კავკასიის გაზსადენი საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთისა და ალბანეთის ტერიტორიას გაივლის.

აზერბაიჯანის გაზს ევროპული ქვეყნები პირველად 2020 წელს მიიღებენ. პროექტი გერმანიაში, გაერთიანებულ სამეფოში, იტალიაში, ავსტრიასა და შვეიცარიაში გაზის ექსპორტის საშუალებას იძლევა, რუსეთის გვერდის ავლით.

აღნიშნულ პროექტზე 45 მილიარდი დოლარი იხარჯება. აქციონერთა რიცხვში Socar- ი (20 პროცენტი), BP (20 პროცენტი), Snam (20 პროცენტი), Fluxys (19 პროცენტი), Enagas (16 პროცენტი) და Axpo (5 პროცენტი ) არიან.

სალონიკში, TAP-ის მშენებლობის დაწყებისადმი მიძღვნილ ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც დაესწრო. ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები, ასევე თურქეთის, ალბანეთის, იტალიისა და ბულგარეთის მაღალჩინოსნები.