ქართული ცხვარი მალე ბაჰრეინში გავა

მიმდინარე წელს ქართული წვრილფეხა ცხოველი პირველად გავიდა ექსპორტზე ეგვიპტეში.

ინფორმაციას ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, ქართული ცხვრის ექსპორტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს ბაჰრეინთან.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის, ქვეყნის მთავარი ვეტერინარის მიხეილ სოხაძის მოწვევით, საქართველოში სტუმრად იმყოფება ბაჰრეინის დელეგაცია, რომელშიც შედიან ბაჰრეინის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და იქაური ბიზნესწრეების წარმომადგენლები.

არაბი სტუმრები ქართული ცხვრით დაინტერესდნენ. მათ იმედი აქვთ, რომ ფორმალობების მოგვარებისა და ვეტერინარული სერტიფიკატების შეთანხმების შემდეგ უმოკლეს ვადაში შეძლებენ ქართული ცხვრის გაყვანას ბაჰრეინში, რაც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია და დადებითად აისახება როგორც მეცხვარეობის დარგის წარმომადგენელთა კეთილდღეობაზე, ისე ქვეყნის ეკონომიკაზე.

ბაჰრეინის დელეგაცია საქართველოდან სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტების ექსპორტითაც არის დაინტერესებული, რაც ადასტურებს ნდობის მაღალ ხარისხს სოფლის მეურნეობაში მიმდინარე პროცესების მიმართ.

"მიმდინარე წელს 28 500 სული ცხვრის ექსპორტი განხორციელდა არაბეთში, საუდის არაბეთსა და კატარში. აღსანიშნავია, რომ ქართული ცოცხალი ცხოველების ექსპორტი ეგვიპტეში პირველად განხორციელდა. ქართული ცხვრით დაინტერესდა ბაჰრეინის სამეფოც. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარკებების პროცესი", - ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც დღეს მეცხვარეობის დარგის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ოთარ დანელიამ აღნიშნა, მეცხვარეობის დარგის განვითარება სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

"ამ მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს დარგის წარმომადგენლებთან. ცხოველთა ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის სახელმწიფოს მიერ გატარებულმა ღონისძიებებმა ხელი შეუწყო საქართველოს, როგორც კეთილსაიმედო ქვეყნის იმიჯის დამკვიდრებას და საექსპორტო პოტენციალის ზრდას. აღსანიშნავია, რომ გაფართოვდა ექსპორტის გეოგრაფიული არეალიც," - განაცხადა ოთარ დანელიამ.