ეკონომიკის სამინისტრო მედიაში გამოქვეყნებულ სტატიას ეხმაურება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გაზეთ ”რეზონანსში” 18 მაისს გამოქვეყნებულ სტატიას ეხმაურება და აცხადებს, რომ სტატიაში ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის ციტატა არასწორად არის მოყვანილი.

”18 მაისს გაზეთმა „რეზონანსმა“ დაბეჭდა სტატია „ამიერიდან ლარი მუდმივად გამყარდება“, მასში არასწორად არის მოყვანილი ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილის ციტატა.

გაზეთის კორესპონდენტმა ფრაზა - ეროვნული ვალუტა წლის ბოლომდე „მუდმივი გამყარების რეჟიმში იქნება“, სტატიაში შეცდომით მოიყვანა, როგორც დიმიტრი ქუმსიშვილის ნათქვამი ციტატა.

რეალურად, ვიცე-პრემიერმა განაცხადა შემდეგი: „მოლოდინი გვაქვს დადებითი, ამ წუთში ეროვნული ბანკი ძალიან ფრთხილად ეკიდება ლარის კურსის გამყარებას, რომ არ მოხდეს ზედმეტი რყევები ბაზარზე და ტრენდის მიხედვით ამყარებს ლარს, მთელი ზაფხულის განმავლობაში და შემოდგომის განმავლობაში აუცილებლად კიდევ უფრო გამყარდება ლარი და ამის ყველა წინაპირობა გვაქვს როგორც ფუნდამენტურ, ასევე განწყობების ნაწილში“, - ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაში.

სამინისტროში იმედოვნებენ, რომ გაზეთი „რეზონანსი“, რომელსაც საქართველოს მედია ბაზარზე საქმიანობის 25-წლიანი ისტორია აქვს, მომავალში მეტ სიზუსტეს გამოიჩენს მათი რესპონდენტების ციტატების გამოქვეყნებისას.