აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას არ აპირებს. ამის შესახებ SOCAR Energy Georgia-ს გენერალურმა დირექტორმა მაჰირ მამედოვმა აზერბაიჯანელ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე საქართველოს მთავრობასთან არანაირი შეთანხმება არ არსებობს.
„ამ ეტაპზე SOCAR-ს საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის გეგმა არა აქვს“, - განაცხადა მამედოვმა.
როგორც აზერბაიჯანული გამოცემა „რეპორტი“ აღნიშნავს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, SOCAR საქართველოში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ააშენებს და აღნიშნულზე საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებაა მიღწეული.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის 11 მაისის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ “Socar Georgia Investments” საქართველოში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ააშენებს, რომელიც ექსპლუატაციაში უნდა შევიდეს არაუგვიანეს 2020 წლის 30 აპრილისა.