ევროკავშირის საბჭომ უვიზო რეჟიმის ”შეჩერების მექანიზმის” გადახედვას მხარი დაუჭირა

ევროკავშირის საბჭომ მხარი დაუჭირა ე.წ. ”შეჩერების მექანიზმის” გადახედვას, რომელიც ითვალისწინებს უვიზო რეჟიმის დროებით შეჩერებას იმ შემთხვევაში, თუ მესამე ქვეყანამ ვიზალიბერალიზაციით გათვალისწინებული პირობები დაარღვია.

აქამდე არსებული რეგულაციებით, შეჩერების მექანიზმის ამოქმედება საკმაოდ რთული იყო, თუმცა ცოტა ხნის წინ ევროკავშირის საბჭომ ამ მექანიზმის ამოქმედების გამარტივებაზე მიიღო გადაწყვეტილება.

ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახლა აღნიშნულ საკითხზე ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა - ნიდერლანდები ევროპარლამენტთან მოლაპარაკებებს დაიწყებს.

შეკავების მექანიზმის თანახმად, თუ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოს 6 თვის განმავლობაში შეექმნება გარკვეული სახის პრობლემები, რომელიც მესამე ქვეყნის მოქალაქეებს უკავშირდება და ამ პრობლემებს თავად ვერ გაუმკლავდება, უფლება ექნება მიმართოს ევროპულ კომისიას თხოვნით, რომ მესამე ქვეყნისთვის უვიზო რეჟიმის მოქმედება დროებით შეაჩეროს.

თუ ევროკომისია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოთხოვნას დააკმაყოფილებს, მაშინ მესამე ქვეყანასთან უვიზო რეჟიმი 6 თვის ვადით შეჩერდება.

ევროკავშირის საბჭოში განმარტავენ, რომ შეკავების მექანიზმის გაძლიერება მნიშვნელოვანია ევროპაში მიგრაციული სიტუაციის კონტექსტში და იმის გათვალისწინებით, რომ ევროპული კომისია საქართველოსთვის, უკრაინისთვის, თურქეთსა და კოსოვოსთვის ვიზალიბერალიზაციის წინადადებით გამოვიდა.