ქუთაისში ლიფტების საწარმო შენდება

ქუთაისში ჩინეთის შანდონგის პროვინციის დელეგაცია იმყოფებოდა. შანდონგის ქალაქ ლაივუსა და ქუთაისს შორის დამეგობრების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და ლაივუს სრულიად ჩინეთის წარმომადგენელთა კონგრესის მუდმივი კომიტეტის თავმჯდომარემ ვანგ ლიანგმა მოაწერეს ხელი.

შეხვედრაზე იმყოფებოდნენ „ჰუალინგ ჯგუფის“ წარმომადგენლები, რომლებიც ქუთაისის მერს შოთა მურღულიას და იმერეთის გუბერნატორს გივი ჭიჭინაძეს შეხვდნენ.

„ჰუალინგ ჯგუფი“ ქუთაისში რამდენიმე წელია ბიზნეს საქმიანობას ეწევა. ქალაქ ლაივუსთან დამეგობრება „ჰუალინგ ჯგუფის“ ინიციატივა იყო. "ჰუალინგ ჯგუფი დიდ ინვესტიციას ახორციელებს ქუთაისში და ეს შეხვედრაც დამატებით ინვესტიციების მოზიდვას ემსახურებოდა. ზოგადად ეკონომიკური ურთიერთობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ქუთაისში შენდება ერთ-ერთი დიდი ლიფტების საწარმო, რაც ნიშნავს ასობით დასაქმებულ ადამიანს ჩვენს ქალაქში. ეს უკვე გადაწყვეტილია. ასევე, ოთხ მსხვილ ინვესტიციაზეა მოლაპარაკებები", - განაცხადა შოთა მურღულიამ.