დიმიტრის ავრამოპულოსი ე.წ. შეჩერების მექანიზმის გადახედვაზე მიღწეული შეთანხმებით კმაყოფილია

ევროკომისარი მიგრაციის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსი ე.წ. შეჩერების მექანიზმის გადახედვაზე მიღწეული შეთანხმებით კმაყოფილია , - ამის შესახებ დიმიტრის ავრამოპულოსმა იუსტიციისა და საშინაო საქმეების საბჭოს სხდომის შემდეგ, ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ ვიმსჯელეთ ჩვენი სავიზო პოლიტიკის სხვადასხვა ასპექტზე, მათ შორის ევროკომისიის ინიციატივაზე თურქეთის, საქართველოს, კოსოვოსა და უკრაინისთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების საკითხზე. ასევე ჩვენს ინიციატივაზე ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის გაძლიერების შესახებ. რაც შეეხება ამ უკანასკნელ საკითხს, მოხარული ვარ, რომ დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნები ამაზე ძალიან მალე შეთანხმდნენ. ახლა შემდეგი ნაბიჯი ევროპარლამენტმა უნდა გადადგას. ჩვენ გამოვიყენებთ მომდევნო პერიოდს არსებული საფრთხეების შესაფასებლად“, - განაცხადა ავრამოპულოსმა.

როგორც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, ევროკავშირის საბჭომ მხარი დაუჭირა ე.წ. შეჩერების მექანიზმის გადახედვას, რომელიც ითვალისწინებს უვიზო რეჟიმის დროებით შეჩერებას იმ შემთხვევაში, თუ მესამე ქვეყანამ ვიზალიბერალიზაციით გათვალისწინებული პირობები დაარღვია.

ევროკავშირის საბჭოში განმარტავენ, რომ შეჩერების მექანიზმის გაძლიერება მნიშვნელოვანია ევროპაში მიგრაციული სიტუაციის კონტექსტში და იმის გათვალისწინებით, რომ ევროპული კომისია საქართველოს, უკრაინის, თურქეთისა და კოსოვოსთვის ვიზალიბერალიზაციის წინადადებით გამოვიდა.