დიმიტრი ქუმსიშვილი - თუ ვინმე საქართველოში წარმოებული ბიზნესისთვის იყენებს ოფშორებს, რომ გადასახადები დამალოს, მიუღებელია

თუ ვინმე საქართველოში წარმოებული ბიზნესისთვის იყენებს ოფშორებს, რომ გადასახადები დამალოს, რა თქმა უნდა, მიუღებელია, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა Palitranews-ის ახალ პროექტში „ჩემი კითხვა” განაცხადა, როდესაც უპასუხა ე.წ. პანამურ დოკუმენტებში 85 ქართველის მოხსენიებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, ხელისუფლებისთვის აქტუალურია, რომ გადასახადები იყოს გადახდილი. ”თუ ქართველები ახერხებენ იმას, მაგალითად, რაღაც იყიდონ ყაზახეთში, რაღაც გაყიდონ მონღოლეთში და ამისთვის იყენებენ იმ იურიდიულად შესაძლებელ კომპანიებს, რომელიც არის მსოფლიოში, ეს მისასალმებელია. თუ ვიღაც აკეთებს იმას, რომ საქართველოში წარმოებული ბიზნესისთვის იყენებს ოფშორებს, რომ გადასახადები დამალოს, ეს რა თქმა უნდა მიუღებელია და ძალიან აქტიური მუშაობა მიდის იმაზე, რომ ასეთი ხვრელები მაქსიმალურად იყოს შეზღუდული. ჩვენთვის აქტუალურია, რომ გადასახადები იყოს გადახდილი. ჩვენ მივესალმებით იმას, რომ ეს უნდა იყოს ასახული კულტურაში.

ადამიანი, რომელიც აკეთებს ბიზნესს, იღებს შემოსავალს, ასაქმებს ადამიანს, მან რა თქმა უნდა, უნდა გადაიხადოს გადასახადები სახელმწიფოში იმისათვის, რომ სახელმწიფოს მიერ აკრეფილი გადასახადები შემდეგ უკვე მოხმარდეს იმ ძირითადი ინფრასტრუქტურის თუ მომსახურებების გაწევას, რომელიც ქვეყანას სჭირდება”, -აღნიშნა ქუმსიშვილმა.