ირანის ნავთობმოპოვებამ სანქციებამდე პერიოდს მიაღწია

ნავთობმოპოვების აპრილის თვის მაჩვენებლებით ირანმა სანქციებამდე პერიოდის მაჩვენებელს მიაღწია, ამის შესახებ გამოცემა Bloomberg „საერთაშორისო ენერგეტიკულ სააგენტოზე“ დაყრდნობით იტყობინება.

აპრილში ირანი ყოველდღიურად 3,56 მილიონ ბარელ ნავთობს მოიპოვებდა, რამდენსაც ისლამური რესპუბლიკა 2011 წლის ნოემბერში მსოფლიოს თანამეგობრობის მხრიდან დაწესებულ სანქციებამდე პერიოდში აწარმოებდა. აქედან ირანის ნავთობექსპორტი გაიზარდა 40%-ით და დღეში 2 მილიონი ბარელი შეადგინა.

ირანული ნავთობის მთავარი მომხმარებლები არიან ევროპა და ჩინეთი. ამ უკანასკნელმა ყოველთვიური შესყიდვები 57%-ით გაზარდა და დღეში 800 ათასი ბარელი შეადგინა, ხოლო ევროპამ ყოველთვიური შესყიდვები ორჯერ გაზარდა და შესყიდვებმა დღეში 500 ათასი ბარელი შეადგინა.

ცნობისათვის, ირანის მსგავსად ნავთობმოპოვება ოპეკ-ის წევრმა სხვა ქვეყნებმაც გაზარდეს, მათ შორის არაბეთის გაერთიანებულმა საემიროებმა და ერაყმა, თუმცა მათი წვლილი ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მიერ ყოველდღიური ნავთობმოპოვების საერთო მოცულობის ზრდაში დიდი არ იყო. „საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო“ აღნიშნავს, რომ სწორედ ირანი გახდა მიზეზი, ოპეკ-ის წევრ ქვეყნებს მიეღწიათ ნავთობმოპოვების 8 წლიანი მაქსიმუმისთვის. ჯამში, აპრილის თვეში ოპეკ-ის წევრმა ქვეყნებმა დღე-ღამეში 32,76 მლნ ბარელი ნავთობი მოიპოვეს და ეს მაჩვენებელი ბოლოს 2008 წლის აგვისტოში დაფიქსირდა.

კოკა კვირკველია