დიმიტრი ქუმსიშვილი - ევროკავშირთან და EBRD-თან მუშაობა მიმდინარეობს, რათა ევროპის ქვეყნების კანონმდებლობასთან შესაბამისი ფოსტის კანონი მივიღოთ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ვიცე- პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ევროკავშირთან

და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან იმისთვის, რომ მივიღოთ ევროპის ქვეყნების კანონმდებლობასთან შესაბამისი ფოსტის კანონი.

ამის შესახებ დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს სასტუმრო „რედისონში,“ საფოსტო რეგულაციების ევროპის კომიტეტის პლენარული სხდომის დაწყებამდე განუცხადა.

როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, თბილისი დღეს მასპინძლობს ევროპის საფოსტო რეგულაციების 51-ე პლენარულ სხდომას, რომელსაც ძალიან მაღალი რანგის სტუმრები ჰყავს.

„განიხილება აქტუალური თემები, რომლებიც აქტუალურია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთლიანად ევროპისთვის და რეგიონისთვის. ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ევროკავშირთან და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან იმისთვის, რომ მივიღოთ ევროპის ქვეყნებთან შესაბამისობაში მყოფი ფოსტის კანონი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და იმისთვის, რომ ჩვენმა მოსახლეობამ უნივერსალური სერვისები მიიღოს. ვიმედოვნებ, რომ ძალიან მალე ჩვენ ეს კანონი გვექნება“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა განმარტა, ფოსტა არის სწორედ ის ინსტრუმენტი, რომლითაც სახელმწიფო ურთიერთობს თავის მოქალაქესთან, რომლის მეშვეობითაც ახერხებს ამ ურთიერთობის დამყარებას. აქედან გამომდინარე, მისივე თქმით, ძლიერი ფოსტის არსებობა პრინციპულად მნიშვნელოვანია.

„ელექტრონული კომერცია არის მსოფლიოში ვაჭრობის ერთ-ერთი ყველაზე მზარდი მიმართულება, რომელიც წლიდან წლამდე ძალიან დიდი მოცულობით იზრდება და შესაბამისად, ამ მიმართულების განვითარება ფოსტის გარეშე და მიტანის სერვისის გარეშე არის წარმოუდგენელი. ამიტომ ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ სწორი, კარგი კანონი, რომელიც ხელს შეუწყობს ბიზნესის განვითარებას და მისცემს შესაძლებობას მოქალაქეებს და სახელმწიფოს, მიიღონ და გასცენ სერვისები, აუცილებლად დადებითად იმოქმედებს, როგორც ეკონომიკის განვითარებაზე, ასევე ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.