დავით ბაქრაძე - ასოცირების შეთანხმების დოკუმენტის სრულად ძალაში შესვლას 1-ელი აგვისტოდან ვვარაუდობთ

საქართველო განაგრძობს ევროინტეგრაციის რეფორმების წარმატებით განხორციელებას და ამ თვალსაზრისით ჩვენ ვინარჩუნებთ ლიდერის პოზიციას ”აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნებს შორის , - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო სხდომაზე დამტკიცებული სამოქმედო გეგმის პირველი სამი თვის ანგარიში წარადგინა.

როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, საქართველოს მიერ გაწეულ საქმიანობას პოზიტიურად აფასებენ, როგორც ევროკავშირის სტრუქტურებში, ისე წევრ სახელმწიფოებში.

”დღევანდელი მდგომარეობით, პრაქტიკულად სრულად არის რატიფიცირებული ასოცირების შეთანხმება ყველა წევრი სახელმწიფოს მიერ. პროცედურების დასრულების შემდგომ ვვარაუდობთ 1-ელი აგვისტოდან დოკუმენტის სრულად ძალაში შესვლას.

27 იანვარს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო სხდომაზე დამტკიცდა სამოქმედო გეგმა, რომლის პირველი სამი თვის შესრულების ანგარიშს წარმოგიდგენთ დღეს.

ახალი გეგმის ფორმატი არის დახვეწილი და აქტივობებთან ერთად შედეგებსა და ინდიკატორებსაც მოიცავს, რაც თავისთავად დაგეგმვის პროცესში საკმაოდ ართულებს ჩვენს სამუშაოს, თუმცა აიოლებს შესრულების მონიტორინგის თვალსაზრისით. ასევე, ასახულია ასოცირების დღის წესრიგის ყველა ის პუნქტი, რომელიც 2014-16 წლების სამწლიან პროგრმაში იყო გათვალისწინებული.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირთან აწარმოებს მოლაპარაკებებს 2017-2019 წლების ასოცირების დღის წესრიგის შემუშავების კონტექსტში, რომელშიც რა თქმა უნდა, როგორც ყველა პროცესში, რაც უკავშირდება ქვეყნის ამ უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის ფორმირებას, ჩართულია პარლამენტი და სამოქალაქო სექტორი”, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.