დავით ნარმანია უარყოფს, რომ ავტობუსების ტენდერში გამარჯვებით ”შარანგიების კლანია” დაინტერესებული

დედაქალაქის მერი დავით ნარმანია უარყოფს, რომ ავტობუსების ტენდერში გამარჯვებით ”შარანგიების კლანია” დაინტერესებული.

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა საზოგადოებაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ თბილისის მერიის მიერ ავტობუსების შესაძენად გამოცხადებულ კონკურსში შესაძლოა, შარანგიებმა გაიმარჯვონ.

როგორც დავით ნარმანიამ განაცხადა, შერჩევა-შეფასების პროცედურები საერთაშორისო ნორმებით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წესებით მიმდინარეობს.

„ეს არის სიცრუე, რომ ვინმეს კლანებია დაკავშირებული ამ კონკურსთან. შერჩევა-შეფასების პროცედურები მიმდინარეობს საერთაშორისო ნორმებით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წესებით. შესაბამისად, როგორც კი დასრულდება შერჩევა-შეფასების პროცედურები, საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისში შემოდგომისთვის ახალი 150 ავტობუსი უნდა შემოვიდეს, ამისათვის ევროპისა და რეკონსტრუქციის განვითარების ბანკმა 30 მილიონი დოლარი გამოყო. თბილისის მერიის ინფორმაციით, ტენდერი საერთაშორისო სტანდარტებით ტარდება და მასში 7 კომპანია მონაწილეობდა.