დიმიტრი ქუმსიშვილი - ტურიზმის განვითარება არის ჩვენი პრიორიტეტი, შესაბამისად, მნიშვნელოვან ინვესტიციებს ვახორციელებთ

ტურიზმის განვითარება არის ჩვენი პრიორიტეტი, შესაბამისად, მნიშვნელოვან ინვესტიციებს ვახორციელებთ ამ სექტორში, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ”ექსპო ჯორჯიას” მესამე პავილიონში განაცხადა, სადაც „ტურიზმისა და მასპინძლობის ფორუმი Welcome to Georgia მიმდინარეობს.

როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, ტურიზმი არის საქართველოს ეკონომიკის ტრადიციული სექტორი.

„შესაბამისად, ტურიზმის განვითარება არის ჩვენი პრიორიტეტი. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ მნიშვნელოვან ინვესტიციებს ვახორციელებთ ტურიზმის განვითარებაში, მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა კერძო სექტორის წახალისება. შარშან ჩვენ გვქონდა პირველი დაჯილდოვება, სადაც ტურიზმის სფეროში მოღვაწე სუბიექტები დავაჯილდოვეთ მრავალი მიმართულებით. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ წელს ანალოგიური გვექნება“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, დღევანდელ ფორუმზე მოხდება იმის გახმოვანება, თუ რას აპირებს სახელმწიფო, რა მიღწევებია ამ მიმართულებით და რა პროექტები ხორციელდება.

„გვინდა წავახალისოთ კერძო სექტორი, რომ რაც შეიძლება აქტიური იყოს. ვისაუბროთ იმ სერვისებზე, რომელიც შეიძლება კერძო სექტორმა დანერგოს და ტურისტების იმ მოსალოდნელ ნაკადზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში გვექნება წელს. ძალიან კარგი ციფრები გვაქვს, წლის დასაწყისიდან 17%-იანი ზრდა გვაქვს, რომელიც პირდაპირ აისახება, როგორც სამუშაო ადგილების შექმნაზე, ასევე ეროვნული ვალუტის სიმყარეზე და საბოლოო ჯამში, ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაზე“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, დღევანდელი შეხვედრა ემსახურება იმას, რომ კერძო სექტორმა მოისმინოს ის, თუ რა გეგმები აქვს ხელისუფლებას და ასევე მთავრობამ მოისმინოს თუ რა გეგმები აქვს კერძო სექტორს. ”საერთო ჯამში, ერთობლივად სახელმწიფომ და კერძო სექტორმა მიაღწიოს იმ წარმატებას, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის აუცილებელია“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ფორუმს ესწრება თბილისის მერი დავით ნარმანია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და Welcome to Georgia! National Tourism Award-ის დამფუძნებელი და დირექტორი მარინა ჩაიკა.