DCFTA-ის ამოქმედებიდან პირველივე წელს საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტის მაჩვენებელი 15%-ით გაიზარდა

პორტალი euroline.ge ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის სხვადასხვა მიმართულებით გაწეული დახმარების ამსახველ მორიგ ვიდეოსერიას აქვეყნებს.

ამჯერად ვიდეორგოლში, რომელიც სააგენტოს ვებ-გვერდზეა განთავსებული (http://www.euroline.ge/?p=7009) იმ შესაძლებლობებზეა საუბარი, რომელსაც საქართველოს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება აძლევს.

ვიდეოში აღნიშნულია, რომ DCFTA-ის ამოქმედებიდან პირველივე წელს საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტის მაჩვენებელი 15%-ით გაიზარდა. ასევე ქვეყანამ 7000-ზე მეტი ევროპული სტანდარტი მიიღო, რაც ადგილობრივ პროდუქციას ეხმარება გახდეს მეტად კონკურენტუნარიანი.

”ევროკავშირი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორია. ვაჭრობას ქვეყნის განვითარებაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია და ქვეყნის უკეთესი ეკონომიკური ინტეგრაციის ქვაკუთხედია. მოლაპარაკებები ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის თაობაზე 2012 წლის თებერვალში დაიწყო. 2014 წლიდან საქართველოს ბიზნესისთვის ღიაა ევროპული ბაზარი. ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ამოქმედებიდან პირველივე წელს საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტის მაჩვენებელი 15%-ით გაიზარდა. საქართველომ 7000-ზე მეტი ევროპული სტანდარტი მიიღო, რაც ადგილობრივ პროდუქციას ეხმარება გახდეს მეტად კონკურენტუნარიანი.

მსოფლიოს უმსხვილესი ბაზარი, რომელიც ამ ეტაპზე აერთიანებს 28 ქვეყანას და 500 მილიონზე მეტ მომხმარებელს. საქონლისა და მომსახურების თავისუფალი გადაადგილება ხელს შეუწყობს საქართველოს საექსპორტო პოტენციალის ზრდას. საქართველო გახდება მიმზიდველი ქვეყანა ინვესტორებისათვის, რაც გამოიწვევს ქვეყანაში საინვესტიციო ნაკადების ზრდას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. გარდა ამისა, DCFTA-ის ამოქმედება ხელს შეუწყობს ახალი საწარმოებისა და საექსპორტო პროდუქციის გაჩენას, ქართველი მომხმარებლისთვის უსაფრთხო და უვნებელი პროდუქტის მიწოდებას, სახელმწიფო ადმინისტრირების ორგანოების განვითარებას ევროპული საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად. აღნიშნული, საბოლოო ჯამში პოზიტიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და განვითარებაზე”, - წერს euroline.ge.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე