"ენერგეტიკულმა და ინფრასტრუქტურულმა პროექტებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის რეგიონული თანამშრომლობა გაააქტიურა"

ენერგეტიკულმა და ინფრასტრუქტურულმა პროექტებმა მნიშვნელოვნად გააძლიერა აზერბაიჯანისა და მისი უახლოესი პარტნიორების ურთიერთობა და საქართველოსა და თურქეთთან რეგიონული თანამშრომლობა გაააქტიურა.

ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელმარ მამედიაროვმა ჟურნალ The Business Year-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, აზერბაიჯანი „სამხრეთის გაზის დერეფნის“ პროექტის რეალიზების ერთგულია, რომელიც არსებით როლს შეასრულებს ევროპისთვის გაზის მიწოდების დივერსიფიცირების საქმეში.

„ამჟამად, „სამხრეთის გაზის დერეფნის“ ფარგლებში ხორციელდება ორი მნიშვნელოვანი პროექტი - „ტრანსანატოლიური გაზსადენი“ და „ტრანსადრიატიკული მილსადენი“. ამ პროექტს აქვს პოტენციალი, სამომავლოდ ევროპის გაზის მოთხოვნილების 20%-მდე უზრუნველყოს“ , - განაცხადა მამედიაროვმა.

მან ასევე ისაუბრა ბაქო-თბილისის-ყარსის რკინიგზის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ეს პროექტი კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია სამხრეთ კავკასიის მთავარ სატრანზიტო მარშრუტად გადაქცევის საქმეში ევროპასა და აზიას შორის.