საქსტატი - საქართველოში უმუშევრობის დონე 0.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 12.0 % შეადგინა

წინა წელთან შედარებით, საქართველოში უმუშევრობის დონე 0.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 12.0 % შეადგინა. სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომელის თანახმადაც, 2015 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2014 წელთან შედარებით 0.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 12.0 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციით, 2015 წელს უმუშევრობის დონემ ბოლო 12 წლის მანძილზე ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2015 წელს ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ, შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 67.8 პროცენტი შეადგინა. წინა წელთან შედარებით მოსახლეობის აქტიურობის დონე გაიზარდა 1.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო დასაქმების დონე - 1.4 პროცენტული პუნქტით.

წინა წელთან შედარებით ქალაქის ტიპის დასახლებებში დასაქმების დონე გაზრდილია 2.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 0.8 პროცენტული პუნქტით, წინა წელთან შედარებით აქტიურობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 2.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 0.5 პროცენტული პუნქტით.

საქსტატის ცნობით, ტრადიციულად, დასაქმებულებში ჭარბობს თვითდასაქმებულთა წილი. 2015 წელს 2014 წელთან შედარებით დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა 8.8 პროცენტით, ხოლო თვითდასაქმებულთა რაოდენობა პირიქით 2.7 პროცენტით შემცირდა, რის შედეგადაც დასაქმებულებში დაქირავებულთა წილი 2.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

მათივე ინფორმაციით, უმუშევრობის დონე გაცილებით დაბალია სოფლის მოსახლეობაში, ქალაქის მოსახლეობასთან შედარებით. 2015 წელს 2014 წელთან მიმართებაში უმუშევრობის დონის შემცირება დაფიქსირდა, როგორც ქალაქის, ასევე სოფლის ტიპის დასახლებებში და შესაბამისად, 21.5 და 4.8 პროცენტი შეადგინა. ამასთან, ქალაქად უმუშევრობის დონემ მინიმალურ მაჩვენებელს მიაღწია ბოლო 15 წლის, ხოლო სოფლად - ბოლო 9 წლის მანძილზე.

საქსტატის ცნობით, წინა წელთან შედარებით, უმუშევრობის დონე რეგიონულ ჭრილში გაზრდილია მხოლოდ შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონებში, შესაბამისად, 0.8 და 0.7 პროცენტული პუნქტით. თბილისში, სადაც უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალია, აღნიშნული მაჩვენებელი 1.1 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.

”დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების სქესობრივ ჭრილში განხილვისას აღსანიშნავია, რომ 2015 წელს, 2014 წელთან შედარებით, უმუშევრობის დონე შემცირდა როგორც ქალებში (0.2 პროცენტული პუნქტით), ასევე კაცებში (0.5 პროცენტული პუნქტით) და შესაბამისად 10.2 (მინიმალური მაჩვენებელი ბოლო 15 წლის მანძილზე) და 13.5 პროცენტი (მინიმალური მაჩვენებელი ბოლო 11 წლის მანძილზე) შეადგინა. ტრადიციულად კაცებში უმუშევრობის დონე უფრო მაღალია ქალებთან შედარებით. ამის ძირითადი მიზეზია ის, რომ დაუსაქმებელი ქალების უმრავლესობა არააქტიური მოსახლეობის კატეგორიას მიეკუთვნება. ქალებში არააქტიურობის დონე თითქმის ორჯერ აღემატება კაცებში ანალოგიურ მაჩვენებელს (შესაბამისად 41.1 და 21.9 პროცენტი). ამგვარად, კაცებთან შედარებით, ქალებში დაბალია როგორც აქტიურობის, ასევე დასაქმების დონე”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

საქსტატის ცნობით, 2015 წელს 2014 წელთან შედარებით, აქტიურობის დონე ქალებში გაიზარდა 1.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში 0.7 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად, 58.9 და 78.1 პროცენტი შეადგინა.

2015 წელს 2014 წელთან შედარებით ქალებში დასაქმების დონე გაიზარდა 1.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში 1.0 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად, 52.9 და 67.6 პროცენტი შეადგინა.

”უმუშევრობის დონის განხილვა ასაკობრივ ჭრილში გვიჩვენებს, რომ 2015 წელს უმუშევრობის დონემ ყველაზე მაღალ ნიშნულს 20-24 წლის ასაკობრივ ჯგუფში მიაღწია (32.0 პროცენტი), რაც 1.5 პროცენტული პუნქტით მაღალია 2014 წლის მაჩვენებელთან შედარებით. უმუშევრობის დონე ტრადიციულად ყველაზე დაბალია 65+ ასაკობრივ ჯგუფში. ამის მიზეზია ის, რომ 65+ საპენსიო ასაკია და მოსახლეობის დიდი ნაწილი არ არის დასაქმებული, არ ეძებს სამუშაოს და შესაბამისად, არააქტიური მოსახლეობის კატეგორიას მიეკუთვნება, - ნათქვამია საქსტატის ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე