დიმიტრი ქუმსიშვილი - ”საქართველოს ბანკსა” და EBRD-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება კერძო სექტორისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

”საქართველოს ბანკსა” და EBRD-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება საქართველოს ეკონომიკისა და კერძო სექტორისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია , - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ”საქართველოს ბანკს” ქვეყნის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისთვის 220 მილიონი ლარს (100 მილიონი დოლარის) გამოუყოფს.

დიმიტრი ქუმსიშვილმა საზოგადოებას ევროკავშირის მიერ ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების პროცესის დასრულება მიულოცა, ”რომლის შედეგადაც შეთანხმება მთლიანად ძალაში შევა მიმდინარე წლის 1-ელი ივლისიდან”.

მისივე თქმით, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით, იყო უდიდესი მიღწევა ბოლო წლების განმავლობაში, ვინაიდან ეს შეთანხმება, გარდა პოლიტიკური ასოცირებისა, იძლევა ევროკავშირის 500-მილიონიან ბაზარზე ინტეგრირების, ექსპორტის ზრდისა და დივერსიფიკაციის, ეკონომიკის მოდერნიზაციის შესაძლებლობებს. ის ასევე ზრდის საქართველოს მიმზიდველობას პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის.

დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლიერება გამოხატა ევროკომისიის მიმართ, რომელმაც, მისი თქმით, შეიმუშავა DCFTA-ის ხელშეწყობის პროგრამა (DCFTA Facility).

მინისტრის განცხადებით, პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების მხარდაჭერის გაძლიერებას DCFTA-ის მოთხოვნებთან ადაპტაციის კუთხით.

”აღსანიშნავია, რომ ამ პროგრამის იმპლემენტაციის მიზნით ევროკავშირმა გააფორმა შეთანხმება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან, რომლის ფარგლებშიც, დასახელებული სამი ქვეყნის მასშტაბით ბანკი 380 მილიონ ევროს გამოუყოფს ადგილობრივ პარტნიორ ბანკებს სესხისა და სავაჭრო გარანტიების სახით ბიზნესებისთვის ქვე-სესხების გასაცემად. ევროკავშირი კი, თავის მხრივ, 19 მილიონ ევროს გამოყოფს ტექნიკური დახმარების, ინვესტიციის წახალისებისა და რისკების გაზიარების მიზნით. ასევე აღსანიშნავია საქართველოს თანამშრომლობა EBRD-თან, რომელსაც გააჩნია საქართველოში მუშაობის დაახლოებით 25 წლიანი გამოცდილება სხვადასხვა ეკონომიკური მიმართულებით, განსაკუთრებით კერძო სექტორის განვითარების კუთხით”, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, ამ მხრივ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია EBRD-სა და „საქართველოს ბანკს“ შორის თანამშრომლობის სრულიად ახალი ეტაპის დაწყება.

”პროგრამის ფარგლებში ეს ხელმოწერა არის პირველი ფაზა, წლის ბოლომდე ასევე იგეგმება EBRD-ის თანამშრომლობა სხვა ადგილობრივ ბანკებთანაც, რათა კერძო სექტორმა განახორციელოს დამატებითი ინვესტიციები პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესების და მომსახურების მოდერნიზაციის კუთხით ევროკავშირის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. საქართველოს ეკონომიკისთვის და კონკრეტულად, კერძო სექტორისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ის ინიციატივა და დახმარება, რასაც დღეს ჩაეყარა საფუძველი. ეს შეთანხმება საშუალებას მისცემს ადგილობრივ კომპანიებს, დაუახლოვდნენ ევროკავშირის სტანდარტებს და როგორც აღვნიშნე, მაქსიმალურად გამოიყენონ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ფარგლებში არსებული უპირატესობები. ასევე, ადგილობრივ დაინტერესებულ კომპანიებს მიეცემათ საშუალება ეროვნულ ვალუტაში აიღონ გრძელვადიანი (5 წლიანი) სესხი საქართველოს ბანკისგან 2 წლიანი საშეღავათო პერიოდით”, - განაცხადა ქუმისშვილმა.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, ადგილობრივი კომპანიების წახალისების მიზნით, გაცემულ სესხზე დამატებით, ევროკავშირი უზრუნველყოფს კომპანიისთვის დაახლოებით, 15%-მდე ფულის დაბრუნებას გრანტის სახით, რაც მნიშვნელოვანი წამახალისებელი ფაქტორია ადგილობრივი კომპანიებისთვის.

”გარდა ამისა, მსესხებელი კომპანია ყოველგვარი გასამრჯელოს გარეშე მიიღებს რეკომენდაციებს საერთაშორისო კონსულტანტის მხრიდან, კომპანიის განახლებასთან დაკავშირებული საუკეთესო საშუალებების შესახებ და ასევე იმის თაობაზე, თუ რომელი კომპონენტით ესაჭიროება კომპანიას რესტრუქტურიზაცია. მსესხებელი კომპანია დამატებით ასევე უსასყიდლოდ მიიღებს რეკომენდაციებს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან ბიზნეს დაგეგმარების, მარკეტინგული სტრატეგიის, გაუმჯობესებული საბუღალტრო მომსახურებების შესახებ. მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის DCFTA-ის განხორციელებაში დახმარების უპრეცედენტო ფინანსური პროგრამა, რომელიც მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს ქვეყნის ეკონომიკას და ჩვენს მეწარმეებს და დაეხმარება საქართველოს მისი ევროპული მიზნების განხორციელებაში”, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.