EBRD "საქართველოს ბანკს" 100 მლნ დოლარს გამოუყოფს

რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ადგილობრივ ვალუტაში დაფინანსების მექანიზმის ფარგლებში, "საქართველოს ბანკს" ქვეყნის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისთვის 100 მილიონ აშშ დოლარს (დაახლოებით, 220 მილიონ ლარს) გამოუყოფს. დაფინანსების ხსენებული მექანიზმი მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფელი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის 50 მილიონ დოლარიან დაფინანსებას, ცალკე ამ სეგმენტის 40 მილიონ დოლარიან დაფინანსებას და ამავე სეგმენტში მოქმედი ქალი მეწარმეებისთვის 10 მილიონ დოლარიან დაფინანსებას - ყოველივე ეს ადგილობრივ ვალუტაში მიმართული იქნება ,,საქართველოს ბანკიდან” კერძო სექტორზე გადასესხების მიზნით.

აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს ეკონომიკის სამინისტროში ხელმოწერის ცერემონია გაიმართა, რომელსაც ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქარაძე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, EBRD-ის კავკასიის, მოლდოვასა და ბელორუსიის დირექტორი ბრუნო ბალვანერა, ევროპის კომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოვების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილე კატერინა მატერნოვა და ”საქართველოს ბანკის” გენერალური დირექტორის მოადგილე ლევან ყულიჯანიშვილი დაესწრნენ.

დღევანდელი ხელმოწერით დაიწყო ევრობანკისა და ევროკავშირის ერთობლივი პროგრამის პირველი ეტაპი, რაც გულისხმობს ევრობანკის თანამშრომლობას ადგილიბრივ კომერციულ ბანკებთან, რათა ქვეყანაში მოქმედ მეწარმე სუბიექტებს წარმოების ხარისხისა და მომსახურების სტანდარტის შემდგომ გაუმჯობესებაში კაპიტალდაბანდების შესაძლებლობა მიეცეთ.

როგორც პრესკონფერენციაზე აღინიშნა, ეს არის მიმზიდველი დაფინანსების ინსტრუმენტი საქართველოში მოქმედ მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის, კომერციული ბანკებისთვის, კერძოდ, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის კრედიტების გაცემა ადგილობრივ ვალუტაში მოხდება, ვადიანობა 5 წლამდე, ხოლო შეღავათიანი პერიოდი 2 წელი იქნება, საინვესტიციო მასტიმულირებელი ფაქტორის სახით 15% ექნებათ მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს (თანხის დაბრუნების სახით), პირველი რისკის დაზღვევა უზრუნველყოფილია მცირე და საშუალო საწარმოებისთვის განსაზღვრული საკრედიტო პორტფელის ჯამური ოდენობის თითქმის 10%-ზე, საერთაშორისო ექსპერტების მიერ უფასო ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფა მოხდება კვალიფიციური მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის, მაღალ ტექნოლოგიებსა და აპარატურა-დანადგარებში კაპიტალდაბანდების ხელშეწყობა იქნება შესაძლებელი.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე