საქართველოში ახალი ფინანსური ინსტრუმენტი "საწყობის ჩეკი" დაინერგება

საქართველოში ახალი ფინანსური ინსტრუმენტი "საწყობის ჩეკი" შემოვა. ამასთან დაკავშირებული საპილოტე პროექტი სოფლის მეურნეობის სამინისტრომ პირველ ეტაპზე თხილის სექტორს წარუდგინა. ახალი მექანიზმი, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის შემოდგომისთვის ამოქმედდება.

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ დავით გალეგაშვილმა ,,ბიზნესპრესნიუსს” განუცხადა, აღნიშნული ფინანსური ინსტრუმენტის თეორიული საფუძვლები საერთაშორისო ორგანიზაცია FAO-ს ექსპერტებთან ერთად მომზადდა. მისივე თქმით, მომავალში ახალი მექნიზმით სარგებლობის შესაძლებლობა თხილის გარდა სხვა კულტურების მწარმოებლებსაც მიეცემათ.

რაც შეეხება პრაქტიკულ ნაწილს, სამინისტრო დონორ ორგანიზაციებთან და მიკროსაფინანსოებთან ერთად მუშაობს. დავით გალეგაშვილი ახალი ფინანსური ინსტრუმენტის დეტალებსაც განმარტავს.

ფერმერი, რომელიც ფლობს რამდენიმე ჰექტარ თხილს ან სხვა სახის პროდუქციას, მოსავლის მიღების შემდეგ ნაწილს დაასაწყობებს საწარმოში ან კოოპერატივში და საწყობის მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე შეძლებს სესხის აღებას. დოკუმენტში ასახული იქნება, რომ ეს ადამიანი ინახავს აგრარულ პროდუქციას, რაც უკვე გახდება გირავნობისთვის საჭირო საკმარისი პირობა. მას აღარ მოუწევს საფინანსო ორგანოში სახლის ან სახვა სახის ქონების ჩადება”, - აღნიშნავს დავით გალეგაშვილი.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის განცხადებით, პირველ ეტაპზე ამ სახის თანამშრომლობისთვის მზადყოფნა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა გამოთქვეს და თუ მექანიზმი ეფექტურად ამუშავდება, დავით გალეგაშვილი ბანკების ჩართულობასაც არ გამორიცხავს.

,,ჯერჯერობით მიკროსაფინანსო ორგანიზაციები არიან დაინტერესებულნი, ვინაიდან ამ სექტორში ისინი უფრო აქტიურად მუშაობენ, ვიდრე ბანკები. თანხა გაიცემა ფერმერის, საწყობის მფლობელისა და ფინანსური ორგანიზაციის სამხრივი მოლაპარაკების შედეგად”, -  აღნიშნავს მინისტრის მოადგილე.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო იდეის დონეზე ე.წ. თხილის ბირჟის შექმნასაც განიხილავს. თუმცა, როგორც დავით გალეგაშვილი აღნიშნავს, ეს მომავლის თემაა და ამ ეტაპზე კონკრეტულ დეტალებზე საუბარი შეუძლებელია.

ქრისტინე გამთენაძე

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე