კეთილდღეობის ინდექსში საქართველო 142 ქვეყანას შორის 80-ე პოზიციაზეა

ლონდონის ანალიტიკური ცენტრის, ლეგატუმის ინსტიტუტის 2015 წლის კეთილდღეობის ინდექსში საქართველო 142 ქვეყანას შორის 80-ე პოზიციაზე აღმოჩნდა.

ინსტიტუტი ყოველწლიურად აქვეყნებს ცხოვრებისთვის ყველაზე საუკეთესო ქვეყნების რეიტინგს.

„ბიზნეს ინსაიდერის“ ცნობით, რეიტინგის შედგენისას ავტორები ქვეყნის ფინანსურ მაჩვენებელს, მშპ-ს, დასაქმებულთა რაოდენობას, ინტერნეტ-სერვერების უსაფრთხოებასა და ქვეყნის მოსახლეობის კმაყოფილების დონეზე ეყრდნობიან. საერთო ჯამში, ავტორები 89 ძირითად ფაქტორს ეყრდნობიან, რომელიც 8 კატეგორიად არის დაყოფილი: ეკონომიკა, მეწარმეობის შესაძლებლობები, მმართველობა, განათლება, ჯანმრთელობა, უსაფრთხოება, პერსონალური თავისუფლება, სოციალური კაპიტალი.

ინდექსის თანახმად, საქართველოს მაჩვენებელი ეკონომიკის პარამეტრში - 119-ია, მეწარმეობის შესაძლებლობა - 71, მმართველობა - 43, განათლება - 66, ჯანმრთელობა - 82, უსაფრთხოება - 57, პერსონალური თავისუფლება - 72, სოციალური კაპიტალი - 139.

რეიტინგში პირველ ადგილზე ნორვეგიაა, რომელსაც შვეიცარია, დანია, ახალი ზელანდია და შვედეთი მოსდევს. ბოლო საფეხურებზე კი ბურუნდი, ჩადი, ჰაიტი, ავღანეთი და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა აღმოჩნდნენ.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე